ვისკონსინში, საშობაო აღლუმზე ავტომობილმა ხალხს გადაუარა, დაიღუპა 5, დაშავდა 40 ადამიანი

ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკის გარეუბან ვოკეშაში, საზეიმო გარემო, სადაც ქუჩაში ორკესტრების მსვლელობა მიმდინარეობდა და ბავშვები სანტა კლაუსის ქუდებით ცეკვავდნენ, უეცრად საშინელ სცენად გადაიქცა. „ჯიპის“ ტიპის ავტომობილმა ქუჩის ბარიკადები გაარღვია და საშობაო აღლუმს გადაუარა. ხუთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.

ასევე ნახეთ: მასობრივი მკვლელობები აშშ-ში - სტატისტიკური მონაცემები და მიზეზები 

კვირას გადაღებულ ერთ ვიდეოში ჩანდა ქალი, რომელიც უწყვეტად კიოდა: „ოჰ, ღმერთო ჩემო!“, როდესაც ავტომობილმა პატარა მოცეკვავეები გაიტანა. ერთი მამა ლაპარაკობდა, რომ დასახიჩრებულ სხეულებს შორის თავის გოგონას ეძებდა.

ქალაქ ვოკეშას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბევრმა ადამიანმა საავადმყოფოს მიაკითხა. ქალაქს გარდაცვლილთა ვინაობა არ დაუზუსტებია.

ვოკეშას პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დენ ტომპსონმა თქვა, რომ „ინტერესის ობიექტი პირი“ დაკავებულია, თუმცა ამ პირის შესახებ დეტალები ან შესაძლო მოტივი არ გაუმხელია. გამოძიება ვისკონსინის შტატის იუსტიციის დეპარტამენტის დახმარებით მიმდინარეობს.

ეს საშინელი სცენა, ქალაქის ვიდეო კამერებმა და დამსწრე ადამიანების მობილურმა ტელეფონებმა ჩაწერა. ტომპსონმა თქვა, რომ პოლიციელმა იარაღიდან გასროლით ავტომობილის გაჩერება სცადა. გარშემომყოფთაგან გასროლით არავინ დაშავებულა და ტომპსონმა თქვა, რომ არ იცის, ავტომობილის მძღოლს ტყვიები თუ მოხვდა.