ფინეთის მთავრობას ახალი ინიციატივა აქვს, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობას ქვეყანაში ქონების შეძენა უნდა აეკრძალოს. ამის მიზეზად კი, თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი, ეროვნული ინტერესის დაცვას ასახელებს.
ფინეთსა და მის მეზობელ რუსეთს შორის ურთიერთობა 2022 წლის 24 თებერვლის მერე განსაკუთრებით დაიძაბა, ტრადიციულად ნეიტრალურმა ფინეთმა ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტა.
ასევე ნახეთ: რუსეთიდან მიგრანტების შესაკავებლად ფინეთი ახალ კანონს იღებსშემოთავაზებული აკრძალვა უძრავი ქონების შესყიდვებს ეხება და მხოლოდ ორმაგი მოქალაქეობის პირებს გამორიცხავს, და მათ, ვისაც ფინეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ. თუმცა, სანამ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი კენჭს უყრის, მის საბოლოო ვერსიაზე ექსპერტები კვლავ მსჯელობენ.
"რეგულაციების მიზანია ფინეთის წინააღმდეგ შესაძლო მტრული გავლენების პრევენცია", - თქვა ჰაკანენმა პრეს-კონფერენციაზე.
თავდაცვის მინისტრის თქმით, მათი ყურადღების საგანია ქვეყანაში უძრავი ქონების 3 500-მდე ობიექტი. თუმცა, რა კუთხით აკვირდებიან ან იკვლევენ ამ ქონებებთან დაკავშირებულ საკითხს უწყებაში, ეს მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
ჰელსინკი დიდი ხანია ცდილობს რუსეთის მოქალაქეების მიერ ქონების შეძენა შეზღუდოს - განსკაუთებით კი, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებზე. ამისთვის ის აქამდე არსებულ რეგულაციებს ეყრდნობოდა, წელს იანვარში და შარშან ოქტომბერში 3-3 ასეთი შესყიდვა ოფიციალურად დაიბლოკა კიდეც.
ფინეთს, რომელსაც რუსეთთან 1 340 კმ. სიგრძის საზღვარი აკავშირებს, სასაზღვრო გამშვები პუნქტები უკვე დახურული აქვს. ამის უმთავრესი მიზეზი კი კრემლის მიერ, აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტების ფინეთის საზღვართან მიყვანის ორგანიზება გახდა, რასაც ევროპული სახელმწიფოები "მიგრაციის იარაღად გამოყენებას" უწოდებენ.