ტრამპი: კორონავირუსთან დაკავშირებით ეროვნული გვარდიის ოპერაციებს ფედერალური მთავრობა დააფინანსებს

22 მარტს, საღამოს გამართული ბრიფინგი თეთრ სახლში

ამერიკის პრეზიდენტი კოვიდ-19-ით ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატებს დახმარებას დაპირდა. კვირას საღამოს გამართულ ბრიფინგზე, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ეროვნული გვარდიის მიერ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის აუცილებელი ოპერაციების ხარჯებს, ფედერალური მთავრობა დაფარავს.

იმავე დღეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ეროვნული გვარდიის სამ შტატში ჩაყენების ბრძანება გასცა. ესენია ვაშინგტონი, ნიუ-იორკი და კალიფორნია. ტრამპმა უკვე დაამტკიცა სამივე შტატის საგანგებო ვითარების დეკლარაცია. ვაშინგტონის, ნიუ-იორკის და კალიფორნიის შტატებს, ეროვნული გვარდია დაეხმარება სამედიცინო სადგურების მოწყობაში, ასობით ტონა ნიღბების, რესპირატორების, სამედიცინო ფორმების, თუ სხვა აუცილებელი მოწყობილობა-დანადგარების გადაზიდვაში.

რამდენიმე გუბერნატორი, მათ შორის, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო, თეთრ სახლს სთხოვდა კორონავირუსთან ბრძოლის ერთობლივი ფრონტის შექმნას. ამის მიზეზი იყო ის, რომ კუომოს თქმით, შტატების ლიდერები სამედიცინო საჭიროების ნივთების მოპოვებაში ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ, რათა როგორმე ხელში ჩაეგდოთ ის, რისი შოვნაც შეიძლებოდა.

„ვფიქრობ, ფედერალურმა მთავრობამ საწარმოებს ნიღბების, ფორმების, ვინტილატორების და სხვა აუცილებელი სამედიცინო მოწყობილობების წარმოების ბრძანება უნდა გასცეს, რაც დიდ განსხვავებას მოგვცემს [ვირუსთან] სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში“ - თქვა გუბერნატორმა კუომომ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ნიღბის, ან სამედიცინო ფორმების დამზადება რთული არ არის, მაგრამ კომპანიებს მათი წარმოება უნდა დაავალო.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის განკარგულებაში მყოფი სამედიცინო გემი „მერსი“ (ქართულად - მოწყალება), ლოს-ანჯელესის პორტში ჩავა. მეორე გემი კი „კომფორტი“, აღმოსავლეთ სანაპიროზე გაიგზავნება და სავარაუდოდ, ნიუ-იორკის ნავსადგურზე ჩაუშვებს ღუზას.

პარალელურად, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ ამერიკის ყველა კომერციულმა ლაბორატორიამ კოვიდ-19-ზე ტესტი საკუთარ პრიორიტეტად უნდა აქციოს. პენსი თეთრი სახლის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი საგანგებო ჯგუფის ხელმძღვანელია. ვიცე-პრეზიდენტმა კვირას განაცხადა, რომ ამერიკაში ვირუსზე ანალიზი უკვე 255 000 ადამიანს აუღეს.

შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ახალი ტესტერები დაამტკიცა, რომელიც ამ კვირის ბოლოს იქნება მზად. ანალიზის გაკეთება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ იმიგრანტებსაც შეეძლებათ, შემდგომი დევნის შიშის გარეშე. „თუ ეს უკვე არ არის კანონი, მე ამას დავაკანონებ“ - თქვა პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

დღეისთვის შეერთებული შტატების მასშტაბით, ინფიცირების 39 500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაავადების გამო გარდაიცვალა 473 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 173 პაციენტი. მონაცემთა ბაზა გამუდმებით ახლდება. ეს არის სტატისტიკა, რომელიც 23 მარტს, ადგილობრივი დროით დღის 12 საათზე გამოქვეყნდა.