ამერიკაში დღეს მესამე ვაქცინის დამტკიცებას ელოდებიან

კომპანიის "ჯონსონი და ჯონსონი" კოვიდ-19-ის ვაქცინა, სავარაუდოდ მესამე იქნება, რომელსაც დღეს დამოუკიდებელი ამერიკელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი მწვანე შუქს აუნთებს. შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გასული წლის ბოლოს, საგანგებო გამოყენების ავტორიზაციით ორი ვაქცინა დაამტკიცა: 11 დეკემბერს - "ფაიზერ"-"ბიონტექის" და 18 დეკემბერს - "მოდერნას" ვაქცინა.

მესამე ვაქცინა პირველი ორისგან იმით გამოირჩევა, რომ ის კოვიდ-19-ზე ერთდოზიან აცრას ითვალისწინებს, რაც მის ადმინისტრირებას გაცილებით აიოლებს. დღეს პანელზე ექიმები, ინფექციურ დაავადებათა ექსპერტები და სამედიცინო სფეროში მომუშავე მეცნიერები იქნებიან. ისინი ვაქცინის ეფექტურობას და უსაფრთხოებას განიხილავენ.

ასევე ნახეთ: საგანგებო ავტორიზაციის მიღებას ახლა "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინაც ცდილობს

პირველი ორი ვაქცინის მსგავსად, დღევანდელი განხილვაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. შეხვედრა ვაშინგტონის დროით, დღეს, დილის 9 საათზე დაიწყება და განრიგის მიხედვით, 6 საათამდე დასრულდება.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ვაქცინის საგანგებო ავტორიზაციით დამტკიცება უახლოეს დღეებში მოხდება. ამის შემდეგ მოელიან, რომ "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინის პირველი 3-4 მილიონი დოზა მომხმარებლებს მომავალი კვირიდანვე მიეწოდება.