FDA-მ 5-11 წლის ბავშვებში "ფაიზერის" კოვიდ-19-ის ვაქცინა დაამტკიცა

"ფაიზერის" საბავშვო დოზის ამპულები

აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 5-11 წლის ბავშვებისთვის "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინა ეფექტურად და უსაფრთხოდ ჩათვალა. დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საკითხს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი განიხილავს.

თუ ვაქცინას მეორე მარეგულირებელმაც მწვანე შუქი აუნთო, ის მსურველებისთვის საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე, სავარაუდოდ, უკვე ოთხშაბათისთვის ხელმისაწვდომი გახდება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პირობას დებს, რომ "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინის საბავშვო დოზა იოლად იქნება ხელმისაწვდომი აფთიაქებში, პედიატრთა ოფისებში, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.

ასევე ნახეთ: ამერიკაში ბავშვების კოვიდ-19-ზე აცრას განიხილავენ

გადაწყვეტილება დაახლოებით 28 მილიონ ამერიკელ ბავშვს შეეხება. მათი უმრავლესობა სკოლებში დაბრუნდა და შესაბამისად, ამ ასაკობრივი ჯგუფის მიერ კორონავირუსის გავრცელების რისკები კვლავ მაღალია. მართალია, ბავშვებში კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობა უფროსებთან შედარებით ნაკლებად ხდება, მაგრამ შემთხვევები მაინც არის და მათი რიცხვი დელტა ვარიანტის გავრცელებასთან ერთად, იზრდება.

ამერიკული "ფაიზერის" და გერმანული "ბიონტექის" მიერ შემუშავებული ვაქცინის საბავშვო დოზა 10 მიკროგრამს შეადგენს. 12 წლის და ზევით ასაკობრივ ჯგუფში კი ვაქცინის 30-მიკროგრამიანი დოზაა გათვალისწინებული. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC) 12-დან 16 წლამდე მოზარდებში ვაქცინის გამოყენება საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე 2021 წლის მაისში დაამტკიცა.