"ფეისბუქი" ახალ ზელანდიაში მომხდარი თავდასხმის ვიდეოების წაშლაზე ჯერაც მუშაობს

"ფეისბუქის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სოციალური ქსელი კვლავ მუშაობს იმაზე, რომ წაშალოს ყველა ვიდეო, რომელიც ახალ ზელანდიაში მომხდარ მასობრივ მკვლელობას ასახავს.

თავდამსხმელმა დანაშაულის ამსახველი ვიდეო მასალა "ფეისბუქში" პირდაპირი "ლაივ-რეჟიმით" გაავრცელა. სოციალური ქსელის მენეჯმენტის განმარტებით, მათ გამოქვეყნებამდე უკვე წაშალეს მილიონ 200 ათასი ვიდეო.

"ჩვენ განვაგრძობთ ახალი ზელანდიის პოლიციასთან პირდაპირ თანამშრომლობას, ამის პარალელურად კი გამოძიება გრძელდება", - განაცხადა მია გარლიკმა, "ფეისბუქის" ახალი ზელანდიის წარმომადგენელმა კვირას. გარლიკის თქმით, კომპანია ამჟამად დამონტაჟებული ვიდეოების ამოღებაზეც მუშაობს, ისეთი ვიდეოების, რომლებიც გრაფიკულ მასალებს არ შეიცავს. "ეს იმ ადამიანებისადმი პატივისცემის ნიშნად კეთდება, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხო".

სოციალური ქსელი მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა მიუხედავად ამ ქმედებებისა, რადგან თავდამსხმელმა, რომელმაც 50 ადამიანი მოკლა, "ფეისბუქში" იარაღზე დამაგრებული კამერით 17-წუთიანი ლაივსტრიმ ვიდეო გაავრცელა. თავდასხმამდე კი მან "ფეისბუქის" მეშვეობით 74-გვერდიანი მანიფესტი გაავრცელა, სადაც თეთრი რასის უპირატესობაზე საუბრობდა.