სამშაბათს, სენატორების კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ, “ფეისბუქის” დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი მარკ ზაკერბერგი დღს კონგრესში ბრუნდება. ამჯერად ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წინაშე წარსდგება და სოციალური ქსელის მიერ ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე კონგრესმენების შეკითხვებს უპასუხებს.
კანონმდებლები ორივე პალატაში “ფეისბუქს” მომხმარებლის ინფორმაციის უკეთ დაცვას სთხოვენ.
სენატში გამართული მოსმენის დროს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჩაკ გრასლიმ "ფეისბუქის" ხემლმძღვანელს უთხრა, რომ სახეზეა მომხმარებლის ნდობის დარღვევა და "მონაცემების არასათანადო გადაცემა", რაზეც ზაკერბერგმა უპასუხა, რომ ეს მისი შეცდომა იყო და ბოდისი მოიხადა.
სენატორებმა “ფეისბუქს” ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს.
“თუ თქვენ და სოციალური მედიის სხვა კომპანიები საქმეს თავს ვერ მოაბამთ, არც ერთი ჩვენგანის პირადი ინფორმაცია არ იქნება დაცული,” უთხრა ზაკერბერგს სენატორმა ბილ ნელსონმა.
“ფეისბუქის” დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ უკეთესად დაიცავს მისი ქსელის მომხმარებლებს. კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას, ზაკერბერგმა სიამაყით ისაუბრა იმაზე, რომ სოციალური ქსელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს ერთმანეთს აკავშირებს საერთო სიკეთისთვის, მაგრამ აღიარა, რომ “ფეისბუქი” სათანადოდ არ იცავდა მომხმარებლის ინფორმაციას.
კონგრესში ზაკერბერგი მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულმა კომპანიამ “კემბრიჯ ანალიტიკა”, 2016 წელს “ფეისბუქის” გამოყენებით, ქსელის მილიონობით მომხმარებლის კერძო ინფორმაცია მათი ნებართვის გარეშე მოიპოვა. "კემბრიჯ ანალიტიკა", ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ტრამპის საარჩევნო კამპანიამ დაიქირავა.
“კემბრიჯ ანალიტიკა” აცხადებს, რომ მათ 30 მილიონი ადამიანის მონაცემები ჰქონდათ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მომხმარებელთა რაოდენობა გაცილებით მეტი შეიძლება იყოს.