პრეზიდენტ ტრამპის გვერდს "ფეისბუკი" მინიმუმ ორი კვირით ჩაკეტავს, იქამდე, სანამ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელისუფლებას არ გადაიბარებს. ამის შესახებ "ფეისბუკის" ხელმძღვანელმა მარკ ზაკერბერგმა განაცხადა. ერთი დღით ადრე ტრამპს ანგარიშზე წვდომა შეუზღუდა “ტვიტერმა". თავდაპირველად “ფეისბუკმა" ტრამპი მხოლოდ 24 საათით დაბლოკა, მაგრამ ვადის ამოწურვისთანავე სანქცია გაუგრძელა. ზაკერბერგი ამბობს, რომ ხელისუფლების გადაბარების პერიოდში ტრამპისათვის მათი პლატფორმის შეუზღუდავად დათმობა დიდ საფრთხეს შეიცავს. გთავაზობთ ზაკერგერგის განცხადებას სრულად:
“უკანასკნელი 24 საათის შოკისმომგვრელმა მოვლენებმა თვალნათლივ გვიჩვენა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელისუფლებაში დარჩენილი დროის გამოყენებას ძალაუფლების მშვიდობიანი და კანონიერი გადაბარების პროცესის საზიანოდ აპირებს. მისმა გადაწყვეტილებამ, ეს პლატფორმა კაპიტოლიუმში შეჭრილი მომხრეების წასაქეზებლად და არა დასაგმობად გამოიყენოს, სამართლიანად შეაშფოთა საზოგადოება აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. გუშინ მისი ეს განცხადებები წავშალეთ, რადგან მივიჩნიეთ, რომ მათი შედეგი - და სავარაუდოდ განხრაზვა - ახალი ძალადობის პროვოცირება იქნებოდა,"-თქვა მან. ზაკერბერგმა ასევე დასძინა, რომ კონგრესში არჩევნების შედეგების სერტიფიცირების შემდეგ, მთელი ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ დარჩენილმა 13 დღემ და ინაუგურაციის შემდგომმა დღეებმა მშვიდობიანად და დამკვიდრებული დემოკრატიული ნორმების შესაბამისად ჩაიაროს.
"უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში პრეზიდენტ ტრამპს საშუალებას ვაძლევდით, ჩვენი პლატფორმით ესარგებლა. დრო და დრო მის ტექსტებს ვშლიდით, ან აღვნიშნავდით, თუ ტექსტების შინაარსი ჩვენს წესებს ეწინააღმდეგებოდა. ამას ვაკეთებდით იმიტომ, რომ გვჯერა, საზოგადოებას აქვს უფლება, ხელი მიუწვდებოდეს პოლიტიკურ სიტყვაზე, მათ შორის წინააღმდეგობრივ სიტყვაზეც. მაგრამ დღევანდელი კონტექსტი ფუნდამენტურად განსხვავებულია, "-აღნიშნა "ფეისბუკის" ხელმძღვანელმა. მისი სიტყვებით, "ვხედავთ ჩვენი პლატფორმით ძალადობრივი ამბოხებისკენ მოწოდებას დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ."
"ფეისბუკმა" ეს გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა: "მიგვაჩნია, რომ ამ პერიოდში პრეზიდენტის მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული საფრთხე მეტისმეტად დიდია. ამიტომ მის “ფეისბუკსა" და “ინსტაგრამზე" დადებულ შეზღუდვას განუსაზღვრელი ვადით და სულ ცოტა, ორი კვირით ვაგრძელებთ, სანამ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა არ დასრულდება."