ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მეთაურად უკვე მეორედ დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისი გუნდი,„კატეგორიულად უარს აცხადებს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება. ეს საკითხი დახურულია და არ განიხილება“. ოპოზიცია მან კონსტიტუციურ ჩარჩოებს მიღმა გასულ ძალად მოიხსენია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას კი „კრიმინალი“ უწოდა. თავის პრიორიტეტად კი „რაც შეიძლება მოკლე ვადაში ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“ დაასახელა, რათა „არავინ იდგეს კანონზე მაღლა“. ოპოზიციონერთა უმეტესობა ამბობს, რომ ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკა მიუთითებს, რომ მისი უმთავრესი პოლიტიკა ოპონენტების დევნა იქნება. ისინი ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებას ეცდება.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა მოხდება შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში. რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა ტემპერატურის დასაწევად და იმ სიტუაციასთან დასაბრუნებლად, სადაც დისკუსია და წინ მიმავალი გზის ძიება ხდება,- ჯონათან კაცი
„ამგვარი მოვლენები ხდება პუტინის რუსეთში, ლუკაშენკოს ბელარუსში. ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რომელიც ნატოს პარტნიორია და ასოცირების შეთანხმება აქვს ევროკავშირთან. ეს არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში. და როდესაც ვხედავ, რომ სასამართლო გამოყენებულია პოლიტიკური ქმედებისთვის, ეს მე მაშფოთებს“, - ამბობს ბრაიან უიტმორი “ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც წლების განმავლობაში „ძალაუფლების ვერტიკალის“ ბლოგისა და პოდკასტის ავტორი და წამყვანი და „რადიო თავისუფლების“ მთავარი ანალიტიკოსი იყო რუსეთის საკითხებში. მისი თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრების საქმის პოლიტიკური გარემოებები შემაშფოთებელია და ეს არ ტოვებს დემოკრატიული პროცესის შტაბეჭდილებას.
„თუკი ეს დასავლურ, ევროპულ სახელმწიფოში მოხდებოდა, ვიტყოდი, რომ არა უშავს, დამოუკიდებელი სასამართლო გააკეთებს თავის საქმეს და აღასრულებს კანონს ყველანაირი ფავორიტიზმის ან სხვა მიკერძოების გარეშე. მაგრამ ის, რასაც აქ ვხედავთ, ჩემი აზრით, აშკარად არის პოლიტიკური ოპერაცია და ყველაფერი დანარჩენი ამის შემდეგ, არის დეტალები. რადგან როდესაც ეს [ასეთი მოვლენები] იწყება, ეს დემოკრატიის სიკვდილის დასაწყისია და ეს ძალიან მაღელვებს“, - ამბობს უიტმორი.
ჯონათან კაცი, „გერმანიის მარშალის ფონდის“ მკვლევარი მიიჩნევს, რომ უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება იმის განსასაზღვრად თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული განვითარების პროცესი.
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა მოხდება შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში. რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა ტემპერატურის დასაწევად და იმ სიტუაციასთან დასაბრუნებლად, სადაც დისკუსია და წინ მიმავალი გზის ძიება ხდება“, - ამბობს კაცი და განმარტავს, რომ ახლა არა კონფრონტაციული რიტორიკის, არამედ კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობაა საჭირო, ორივე მხარე და გამორჩეულად, მმართველი პარტიის ლიდერები კი სწორედ აქეთკენ უნდა მიმართავდნენ თავიანთ ძალისხმევას:
„ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი შეშფოთების უდიდესი საგანი იყო ქვეყნის დესტაბილიზაცია, პოლარიზაცია. ვფიქრობ, ეს ნიშნავდა იმას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო მნიშვნელოვანი ძალადობა. ვერც ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცეცხლს აღვივებს, ვერ შეძლებს მიაღწიოს იმ მიზანს, რასაც საქართველოს სწორ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნება ჰქვია და ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ფოკუსირება“.
ჯონათან კაცი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტუაციის დე-ესკალაციას უნდა ცდილობდეს.
“მმართველმა პარტიამ ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოს ხელისუფლების წამყვან პოზიციებზე პირები, რადგან ეს უკავშირდება იმას, თუ როგორ აღიქმება ის ქვეყნის შიგნით და გარეთაც. საქართველოს სჭირდება ძლიერი ლიდერები, მაგრამ მას ასევე სჭირდება ვიღაც, ვისაც შეუძლია გააერთიანოს და ვიმედოვნებ, ეს მოხდება და მას ენდომება საქართველოს ინტერესები ინდივიდუალურ ინტერესებზე მაღლა დააყენოს...“
ვიცი, რომ პრეზიდენტ ბაიდენს აღელვებს ეს რეგიონი, საქართველო, უკრაინა და რეგიონის სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობისკენ ილტვიან. ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა და ის, რაც ახლა, ამ კრიზისში საქართველოს ხელისუფლებაში ხდება, მხოლოდ საბაბს აძლევს მათ, ვისაც სურს „ხელები დაიბანოს“ ამ სიტუაციაზე,ბრაიან უიტმორი
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები, მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, მკვლევრები. შემფასებელთა ნაწილი მიუთითებდა, რომ ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე მოვლენები შესაძლოა ძლიერ უარყოფითად აისახოს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე და საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯზე. არაკეთილმოსურნე ძალები კი ამას ისევ და ისევ გამოიყენებენ იმის არგუმენტად, რომ საქართველო დასავლეთის ყურადღებას, ძალისხმევას თუ რუსი აგრესორისგან დაცვას არ იმსახურებს.
„შენ ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო“, - დაწერა „ტვიტერზე“ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა. „საქართველო, ნუ წახვალ ამ გზით. ბევრი ადამიანი თუ ქვეყანაა დასავლეთში ისეთი, ვინც მოხარული იქნება შენი ჩამოწერით, რადგან ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნით ნაკლები იქნება, რომელზეც უნდა ვიფიქროთ. გამოკვებენ იმ ნარატივს, რომ შენ იქეცი ქვეყნად, რომელსაც განვითარება არ შეუძლია და ამიტომ მისი მხარდაჭერა არ ღირს“, – წერს ყოფილი პრეზიდენტი.
ამ შეფასებას იზიარებს ბრაიან უიტმორიც და ამბობს, რომ არაკეთილად განწყობილ ძალებს საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა საბაბი არ უნდა მისცეს:
„საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს დასავლეთში, ევროპასა და ამერიკაში, მაგრამ ასევე ისმის მათი ხმებიც, ვისაც ურჩევნია, რომ ეს უბრალოდ უგულვებელჰყოს და თქვას, ის რიგითი პოსტ-საბჭოთა ქვეყანაა, რომელზეც ჩვენ არ უნდა ვიდარდოთ. ეს ართულებს საქართველოს მეგობრების საქმეს ვაშინგტონსა და დასავლეთის ქვეყნების სხვა დედაქალაქებში“.
ასევე ნახეთ: ანალიტიკოსები: "ბაიდენის ადმინისტრაციამ კრემლს უნდა აჩვენოს, რომ ოკუპაცია მიუღებელია"უიტმორი „ამერიკის ხმასთან საუბარში განმარტავს, რომ სწორედ ახლა, როდესაც ამერიკის ხელისუფლების სადავეებთან ის პირები არიან, ვინც საქართველოს მსგავსი, ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე ქვეყნების პრობლემებს კარგად იცნობენ, საქართველომ შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას და პირიქით, იმ საფრთხის წინაშე არ უნდა აღმოჩნდეს, რომ მისი დემოკრატიული პროგრესისადმი დასავლეთში რწმენა შემცირდეს.
ვერც ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცეცხლს აღვივებს, ვერ შეძლებს მიაღწიოს იმ მიზანს, რასაც საქართველოს სწორ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნება ჰქვია და ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ფოკუსირება,- ჯონათან კაცი
“მე ვიცი, რომ პრეზიდენტ ბაიდენს აღელვებს ეს რეგიონი, აღელვებს საქართველო, უკრაინა და რეგიონის სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობისკენ ილტვიან. ასე რომ, ახლა არის შესაძლებლობების ფანჯარა და ის, რაც ახლა, ამ კრიზისში საქართველოს ხელისუფლებაში ხდება, მხოლოდ საბაბს აძლევს მათ, ვისაც სურს „ხელები დაიბანოს“ ამ სიტუაციაზე. ტრაგიკული იქნება, თუკი ჩვენ გავფლანგავდით, დავკარგავდით ამ შესაძლებლობას, როდესაც მოვიდა ახალი ადმინისტრაცია, რომელსაც ძლიერ აღელვებს საქართველო და მსოფლიოს ეს ნაწილი. არსებობს შესაძლებლობა და საფრთხე და ის რაც ახლა საქართველოს მთავრობაში ხდება აზიანებს ამ შესაძლებლობას და ზრდის საფრთხეს," - ამბობს უიტმორი.
ჯონათან კაცი, ამბობს, რომ მოვლენების განვითარება უახლოეს დღეებში აჩვენებს იმასაც, თუ როგორ დაინახავენ ამ პროცესებს და ქვეყნის პერსპექტივებს დასავლელი პარტნიორები:
"საქართველოს პროგრესი სასამართლო დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის კუთხით მოახდენს გავლენას საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე, მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე. კვლავ არსებობს ძლიერი მხარდაჭერა, მაგრამ ყოველ ჯერზე, [ყოველთვის], როდესაც ხდება ასეთი ყოვლისმომცველი პოლიტიკური კრიზისი შესაძლო ძალადობით, ამას აქვს გავლენა", - ამბობს კაცი და დასძენს:
„როდესაც საქართველოში ამის მსგავსი ინციდენტები ხდება, ქართული მხრიდან უნდა ვნახოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ აღდგეს რწმენა იმისა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, რომ მას სურს შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. ის, რაც ხდება, არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ კუთხით, თუ როგორ არის საქართველო დანახული. და ეს მხოლოდ აძლიერებს იმ მავნე აქტორების არგუმენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსთვის ალტერნატიული გზა [მომავალი] სწორედ ისე გამოიყურება, რასაც ახლა ხედავთ რუსეთში ან სხვა ქვეყნებში, რომლებშიც არ ყოფილა პროგრესი“, - განმარტავს მკვლევარი.
ამერიკის კონგრესის ორივე პალატის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა განცხადებები გაავრცელეს, რომელთა თანახმადაც ისინი მხარეებს დიალოგში ჩართვისა და „დემოკრატიული პრინციპების პატივისცემისკენ“ მოუწოდებენ.
ასევე ნახეთ: პალატის საგარეო კომიტეტის ლიდერები: "მოვუწოდებთ მხარეებს, პატივი სცენ დემოკრატიის პრინციპებს""იმ დემოკრატიულ პროგრესს, რომლის მისაღწევადაც ქართველმა ხალხმა ასე ძლიერ იბრძოლა, თბილისში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია ძირის გამოთხრისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ დემოკრატიულ პრინციპებს და მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში. ძლიერი და მტკიცე ქართული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და მრავალპარტიულ სისტემას კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე რეგიონული სტაბილურობისთვის”, - ამბობენ პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი გრეგორი მიკსი და წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენი, მაიკლ მაკქოლი.
სენატის საგარეო კომიტეტის ლიდერებმა დემოკრატმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა კი პოლიტიკური დევნის დასრულების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი:
„ღრმად გვაშფოთებს უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენები. ქართველი ხალხი კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და სამართლიან, დამოუკიდებელ სასამართლოს იმსახურებს. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბევრჯერ წამოვწიეთ წინ პოლიტიკური დევნის პრობლემა. მაშინ როცა გვახარებს ის, რომ ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაკავება გაუქმდა, მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავებები არასდროს უნდა მოხდეს. ახლა პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და პოლიტიკური ატმოსფეროს დეესკალაცია მოახდინოს. იმედი გვაქვს, ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდება“, - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.