ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა


საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

89 მომხრე, 2 წინააღმდეგ - ასე დასრულდა პარლამენტში კენჭისყრა, რომლითაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ნდობა გამოუცხადა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მის გუნდს.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" ღარიბაშვილი ხელმეორედ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი გახარია პოსტიდან გადადგა. გახარიამ თქვა, რომ პოსტს ტოვებდა, ვინაიდან საკუთარ გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით. პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, მალევე, თანამდებობა, საკუთარი ინიცატივით დატოვა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმაც.

საბოლოო ცვლილებების მიხედვით, ღარიბაშვილის პოსტს, თავდაცვის მინისტრის კაბინეტში, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს. ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე, ჩაანაცვლებს. სხვა მინისტრების შემადგენლობა უცვლელია.

კენჭისყრაში და ზოგადად, არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები: "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია", "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო", "ლეიბორისტული პარტია" და "გირჩი".

ქართული ოპოზიციური სპექტრის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია. საკუთარ პროტესტს კი ისინი, საპარლამენტო საქმიანობისადმი ბოიკოტის გამოცხადებითა და პარლამენტში არ შესვლით გამოხატავენ.

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

პრემიერ მინისტრი-ირაკლი ღარიბაშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;

თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;

ფინანსთა მინისტრი -ივანე მაჭავარიანი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;

იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG