ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები და დრამატული პროგნოზი - ომიკრონი აშშ-ში

შვიდი დღის საშუალო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა - დღეში 290 000 შემთხვევა.

ამ ფონზე, ამერიკელი ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მომდევნო კვირებში, ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19-ის ახალი მასიური ტალღა, გავლენას მოახდენს საავადმყოფოების, სკოლების და სხვა დაწესებულებების მუშაობაზე. სპეციალისტები 12-15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის, ბუსტერის - კოვიდ-19-ზე აცრის გამაძლიერებელი დოზის - ავტორიზაციაზე მუშაობენ.

ასევე ნახეთ: მსოფლიოში "კოვიდ" ინფიცირების სარეკორდო დონე, შესაძლო კარანტინის შიშებს აჩენს

„როიტერის“ მთვლელით, სულ მცირე 18 შტატსა და პუერტო-რიკოში, ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ვლინდება. მერილენდში, ოჰაიოსა და დედაქალაქში კი, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა 27%-ით მოიმატა.

„ახალი შემთხვევების რაოდენობა იმდენად დრამატულად იზრდება, გაგვიჭირდება ამჟამინდელი ყოველდღიური ცხოვრების შენარჩუნება. მომდევნო თვეში ვირუსის ნამდვილი ქარიშხალი იქნება და ეს გავლენას მთელ საზოგადოებაზე მოახდენს“ - აცხადებს მინესოტის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი, მაიკლ ოსტერჰოლმი.

მთელი იანვრის განმავლობაში შემთხვევების მოსალოდნელ დრამატულ მატებაზე საუბრობს ექიმის ფუჩიც. შეერთებული შტატების ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ადრეული მონაცემების მიხედვით, ომიკრონი ჰოსპიტალიზაციის მონაცემების მხრივ, ნაკლები სიმძიმის ვარიანტია. თუმცა კვლავ ძალაში რჩება მოწოდებები ვაქცინაციის, პირბადი ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ.

ასევე ნახეთ: სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის პიკმა გადაიარა და შეზღუდვების მოხსნა დაიწყო