რუსეთის დიპლომატები, რომლებიც ბრიტანეთიდან ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის გამო გააძევეს, მოსკოვში ჩავიდნენ.
ისინი ლონდონში მდებარე რუსეთის საელჩოდან სტანსტედის აეროპორტში სამშაბათს გადაიყვანეს სახლში დასაბრუნებლად.
ბრიტანეთმა რუსეთის 23 დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება გასულ კვირას მას შემდეგ მიიღო, რაც ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილი იულიას მოწამვლაში ბრალი ოფიციალურ მოსკოვს დასდო.
სკრიპალი და მისი ქალიშვილი დღემდე კრიტიკულ მდგომარეობაში არიან საავადმყოფოში. პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინა, სტაბილურია, თუმცა ისიც დღემდე საავადმყოფოშია.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრალდებას “ნონსენსი” უწოდა. ამასთან, კრემლმა დიდი ბრიტანეთის ნაბიჯზე საპასუხოდ, მოსკოვიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი დაითხოვა.