როგორც ცნობილია, ნიუ იორკში ამ დღეებში გაეროს ეგიდით ორგანიზებული ათასწლეულის განვითარებისადმი მიძღვნილი უმაღლესი დონის საერთაშორისო ყრილობა მიმდინარეობს. რა პროგრესს მიაღწია კაცობრიობამ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ათასწლეულის განვითარების ამოცანების კონტექსტში? ამ და სხვა კითხვებით ამერიკის ქართულმა რედაქციამ მიმართა შეერთებული შტატების საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს წევრსა და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორს ბატონ მარკ ლეგონს.
ამერიკის ხმის ქართული რედაქციისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლეგონმა აღნიშნა, რომ ბოლო ხანებში გაეროს საქმიანობა ათასწლეულის განვითარების ამოცანების შესრულებაზეა აქცენტირებული, რომელიც გლობალური სიღარიბის შემცირებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებას, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და ქალების უფლებების დაცვას ითვალისწინებს. ათასწლეულის განვითარების ამოცანების დასახვიდან 10 წელი გავიდა. ნიუ იორკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში საერთაშორისო თანამეგობრობა ათასწლეულის განვითარების ამოცანების შესრულებაში მიღწეულ პროგრესს აჯამებს.
ლეგონის თქმით:
„მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში სიღარიბის პრობლემა სასწრაფო ყურადღებას ითხოვს. ამას გარდა ზოგადად, რომ ვთქვათ, გლობალურ ასპარეზზე უფრო დინამიური ეკონომიკური განვითარების აუცილებლობა აშკარად იგრძნობა. მცდარი იქნებოდა ის მოსაზრება, რომ თითქოს საერთაშორისო დახმარების გარკვეული დონე აუცილებლად ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს. ჩვენ ჯანსაღი მსოფლიო ეკონომიკა გვჭირდება და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ გლობალურ ასპარეზზე უფრო მეტი კერძო ინვესტიცია დაიბანდოს.“
რაც შეეხება ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ პროგრესს, ლეგონმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ლიბერალიზაცია და ქალებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭება ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს საწინდარს წარმოადგენს. ამ მხრივ მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში წარმატების ნიშნები სახეზეა, მაგრამ როგორც გაეროს განვითარების პროგრამა აღნიშნავს, ზოგ სახელმწიფოში ეფექტური სახელმწიფო მართვის უქონლობა და ქალების უფლებების შეზღუდვა ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
„უწინარეს ყოვლისა საჭიროა ეფექტური სახელმწიფო მართვა რათა ამა თუ იმ ქვეყანაში კანონის უზენაესობა სუფევდეს რათა ქვეყნის შიგნით და გარე მყოფ ბიზნესებს ინვესტიციების დაბანდება არ ეშინოდეთ. ამას გარდა საზოგადოების ყველა სექტორის წარმომადგენელი სასამართლო სისტემის წინაშე თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლოდბეს. ეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ქალებსა და უმცირესობებს ეხება,“ აღნიშნა ლეგონმა.
ექსპერტს მიაჩნია, რომ მსოფლიოში პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების შემცირება შეინიშნება, რასაც საერთაშორისო არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-იც ადასტურებს. ამასთან დაკავშირებით ლეგონმა განაცხადა:
„ზოგიერთი ავტორიტარული მთავრობა პოლიტიკურ დისიდენტებს სასტიკად უსწორდება. ამას გარდა ისინი ინტერნეტით ინფორმაციის გავრცელებას ეწინააღმდეგებიან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველივე ამას ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიური გავლენა მოჰყვება.“
ინტერვიუს დასასრულს ლეგონმა ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა დემოკრატიის გავრცელების სფეროში ამგვარად შეაფასა:
„ობამას ადმინისტრაცია ბევრად უფრო პრაგმატულია და მას დემოკრატიის გავრცელების სფეროში აგრესიული ნაბიჯების გადადგმა დისკომფორტს უქმნის. იმისათვის, რომ გაიგო, რომ ობამას ადმინისტრაციის მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა ადმინისტრაციისგან სულაც არ არის იმის მტკიცება, რომ თითქოს ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკა ამ სფეროში მთლიანად წარმატებული იყო. რუსეთსა და ჩინეთთან თანამშრომლობის კომფორტი და ის, რომ იქ მიმდინარე რეპრესიების შესახებ თითქმის არაფერი ითქმის, ჩემი აზრით, ნამდვილ პრობლემას წარმოადგენს. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ მიზნით მე შეერთებული შტატების საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში რეგულარულად მრგვალი მაგიდის დისკუსიებს ვმართავ.“