მომავალ კვირას საერთაშორისო თანამეგობრობა ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად შეიკრიბება. მსოფლიო ლიდერები გენერალურ ასამბლეას პოდიუმიდან მიმართავენ იმ საკითხების შესახებ, რომელიც მათ ქვეყნებს, რეგიონებსა და მსოფლიოს აშფოთებს. გენერალური ასამბლეა ათასწლეულის განვითარების ამოცანების განხილვასაც დაუთმობს დროს. მაგრამ როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მარგარეტ ბეშირი გაეროდან იუწყება, გენერალური ასამბლეის საქმიანობის ლომის წილი კერძო სესიებში შეზღუდულ ფორმატში და საინფორმაციო საშუალებების ყურადღების მიღმა დარჩება.
წელს გენერალური ასამბლეის გახსნამდე სამდღიანი უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება, რომელიც მთლიანად ათასწლეულის განვითარების ამოცანების შესრულებას მიეძღვნება. ხსენებული შეხვედრა ორშაბათს დაიწყება და მას დაახლოებით 140 პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი დაესწრება.
ათასწლეულის განვითარების ამოცანები 15-წლიან ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც 2015 წლისთვის სიღარიბის, შიმშილისა და დაავადებების შემცირებისკენ არის მიმართული.
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი აღნიშნავს, რომ ათასწლეულის განვითარების ამოცანების შესრულებამდე ხუთი წელიღა დარჩა და ბევრი ქვეყანა დასახულ მიზნებს ალბათ ვერ შეასრულებს. ეს განსაკუთრებით საჰარის სამხრეთით მდებარე რეგიონის სახელმწიფოებს ეხება. მაგრამ მას აგრეთვე მიაჩნია, რომ სწორი სტრატეგიის შერჩევისა და განხორციელების მეოხებით, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მაინც შესაძლებელია.
„თუ ჩვენ პოლიტიკური პრიორიტეტებისა და რესურსების მიზანშეწონილ შეფარდებას შევარჩევთ, მაშინ ვფიქრობ დასახულ მიზნებს მივაღწევთ. თუ განვითარებადი ქვეყნები უფრო ფოკუსირებულ პრიორიტეტებს შეიმუშავებენ, სახელმწიფო მართვას გააუმჯობესებენ და შეზღუდულ რესურსებს ისეთ სფეროებში დააბანდებენ როგორიც არის განათლება და სამუშაო ადგილების შექმნა, მაშინ საერთაშორისო დახმარებით ჩვენ ამ ამოცანებს მივაღწევთ,“ განაცხადა ბან კი მუნმა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უკვე შეიმუშავა შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია სამოქმედო გეგმები ათასწლეულის განვითარების რვა ამოცანის მისაღწევად. როგორც მოსალოდნელია, ხსენებულ დოკუმენტს ორშაბათს დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრაზე მიიღებენ. ბატონი ბან კი მუნი აღნიშნავს, რომ დოკუმენტი კრიტიკულად მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს.
„დასახული ამოცანების შესრულება შესაძლებელია. ათასწლეულის განვითარების ამოცანები ძნელი და ამბიციურია, მაგრამ მათი შესრულება შესაძლებელია,“ დასძინა გენერალურმა მდივანმა.
გენერალური ასამბლეა 23 სექტემბერს გაიხსნება. როგორც მოსალოდნელია, 192 წევრი ქვეყნის ლიდერები და წარმომადგენლები გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართავენ. დიდი ხნის მანძილზე დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად გენერალურ ასამბლეას ბრაზილიის პრეზიდენტი გახსნის, რასაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოსვლა მოჰყვება რადგან ამერიკა გაეროს მასპინძელი ქვეყანაა.
გამოსვლების გარდა გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ ყრილობაზე სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები მცირე ჯგუფებში ერთმანეთს ხვდებიან და მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა სწორედ ამ ფორმატში მიმდინარეობს.
ამგვარი შეხვედრების უმრავლესობა წელს ისეთ საკითხებს დაუთმობს ყურადღებას როგორიც არის სუდანში მოახლოვებული რეფერენდუმი, სომალიში არასტაბილური მდგომარეობა, წყალდიდობებით გამოწვეული ზარალი პაკისტანში, საერთაშორისო ტერორიზმი, ირანის ბირთვული ამბიციები და პროგრესი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის პროცესის აღდგენის სფეროში.