გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, სამხილები მიანიშნებს, რომ ამ თვის დასაწყისში, რუსების მიერ კონტროლირებულ უკრაინის ტერიტორიაზე კახოვკის უზარმაზარი კაშხლის დანგრევა, რუსების მიერ შენობის შიგნით მოწყობილმა აფეთქებამ გამოიწვია.
პარასკევს, გაზეთმა ინჟინრების და აფეთქების ექსპერტების გამონათქვამებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გამოძიებამ აღმოაჩინა სამხილები, რომელთა მიხედვითაც, კაშხლის საფუძველში გამავალ გადასაშვებ არხში ასაფეთქებელი მასალის დეტონაციამ, 6 ივნისს სტრუქტურის დანგრევა გამოიწვია.
ასევე ნახეთ: არის თუ არა კაშხალზე თავდასხმა ომის დანაშაული?ამასთან ერთად, საერთაშორისო იურიდიულ ექსპერტთა გუნდმა, რომელიც უკრაინის პროკურორებს გამოძიებაში ეხმარება, წინასწარ დასკვნაში განაცხადა, რომ „უაღრესად სავარაუდოა“ უკრაინის ხერსონის რეგიონში მომხდარი ნგრევა, რუსების მიერ ჩადებულმა ასაფეთქებელმა მასალამ გამოიწვია.
კრემლი ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე დივერსიის მოწყობას კიევს აბრალებს და აცხადებს, რომ წყლის რეზერვუარის მოშლით, რომელიც ზომით აშშ-ის დიდი სოლტ ლეიკის ტბას უტოლდებოდა, კიევმა ყირიმს წყლის საკვანძო წყარო გადაუჭრა და რუსული ძალების წინააღმდეგ „სუსტი“ კონტრიერიშიდან ყურადღების გადატანა სცადა.
კიევი კაშხლის აფეთქებას, რომელიც უკრაინაში შეჭრის ადრეული ეტაპიდან რუსების კონტროლქვეშ აღმოჩნდა, მოსკოვს აბრალებს. კაშხლის დანგრევამ ბრძოლის ველის დიდი ნაწილები დატბორა, სასოფლო-სამეურნეო მიწები გაანადგურა და სამოქალაქო მოსახლეობას წყლით მომარაგება გადაუჭრა.
„ნიუ-იორკ თაიმსი“ ციტირებს ინჟინრებს, რომლებიც ამბობენ, რომ მხოლოდ წყლის წასვლის შემდეგ კაშხლის სრულ შემოწმებას შეუძლია დაადგინოს მოვლენების ჯაჭვი, რომელმაც ნგრევა გამოიწვია.