კონდოლიზა რაისი ამერიკის მთავრობას მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დაეხმაროს უკრაინას, რათა მას ხელში დროულად ჰქონდეს ყველა ის აუცილებელი შეიარაღება, რომელიც საჭიროა „რუსი აგრესორების უკანდასახევად“. მას ისტორიული მაგალითები მოჰყავს და ხაზგასმით იმეორებს, რომ დრო არ იცდის და დახმარების საჭიროება სასწრაფოა.
შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი (2005-2009) კონდოლიზა რაისი, 12 იანვარს „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციას უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ომზე, უკრაინელთა მხარდაჭერის აუცილებლობაზე და რეგიონის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკაზე ესაუბრა.
„ჩვენ ალბათ თვეების წინ შეგვეძლო გვევარაუდა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის საჭიროებები დაუდგებოდა, რადგან ერთადერთი, რაც ვლადიმირ პუტინს რჩებოდა, ეს იყო უკრაინის სამოქალაქო პუნქტებზე სარაკეტო იერიშებით მიტანილი ტერორისტული თავდასხმა და ტერორისტული ტაქტიკის გამოყენება. ჩვენ ამის წინასწარ განსაზღვრა შეგვეძლო. ასე რომ, მოდით დავწინაურდეთ ამ მიმართულებით და მივცეთ უკრაინას, რაც მას ესაჭიროება...
შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ მოვიცადეთ, - 1914, 1941, 2001-ში, ჩარევა მაინც გახდა საჭირო. ახლა კი ჩვენი ჯარების ჩართვას არავინ გვთხოვს. უკრაინელები მზად არიან იბრძოლონ და იზარალონ იმ საერთაშორისო სისტემის შენარჩუნებისთვის, რომლისთვისაც მიუღებელია შენი მომცრო მეზობლის სამხედრო ძალით განადგურება. სწორედ ეს დევს ახლა სასწორზე.“ - აცხადებს კონდოლიზა რაისი. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა თავადვე მიაღწია იმას, რომ უკრაინა ნატოს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა - არა როგორც წევრი, არამედ "ჯარების გამოკლებით, ყველაფერ იმის ბენეფიციარი, რისი მიწოდებაც ნატოს შეუძლია".
რაც შეეხება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი თვლის, რომ მოლაპარაკება საბრძოლო ველზე შექმნილი რეალობის თანამდევი უნდა იყოს და დაიწყოს მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინა „შესაძლებლობის ფარგლებში ყველაზე ძლიერ პოზიციაზე იდგება“. აქედან გამომდინარე, კონდოლიზა რაისის აზრით, ახლა მოლაპარაკების შეთავაზება, სავარაუდოდ „უნაყოფო“ იქნება და რუსებს უკეთეს პირობებში ჩააყენებს, ვიდრე გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა უკრაინელები მათ კიდევ უფრო მეტ უკანდახევას აიძულებენ.
მაგრამ, რამდენადაა პუტინი რაციონალური მოთამაშე? თქვენ მას არაერთხელ შეხვდით - ჰკითხა რაისს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა ტატიანა ვოროჟკომ, რაზეც ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თქვა: „ვფიქრობ, ის [პუტინი] რაციონალურია, მაგრამ რაციონალურობა არ ნიშნავს იმას, რომ არ გქონდეს იდეოლოგიური ამბიციები, რომელიც ემოციას ეფუძნება. ვფიქრობ, ეს არის რუსეთის იმპერიის აღდგენა, რაც დამოუკიდებელი უკრაინის პირობებში შეუძლებელია... ახლა, ამ ღრმად ემოციურ და ამ ტიპის აზროვნების ფონზე, ალბათ მოლაპარაკება უნაყოფოა. ასე რომ, უკრაინას უნდა დაეხმარო, უნდა აჩვენო მას, რა არის შესაძლებელი“.
ტატიანა ვოროჟკომ რაისს 2008 წელზეც ჰკითხა, როცა ის სახელმწიფო მდივნად მსახურებდა ამერიკის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში. მაშინ ნატოს ბუქარესტის სამიტზე უკრაინას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე უარი ეთქვა.
ასევე ნახეთ: კონდოლიზა რაისი: შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი და დაემხო სააკაშვილიკონდოლიზა რაისი ამბობს, რომ ბუშის ადმინისტრაცია უკრაინას და საქართველოს მხარს უჭერდა, „მაგრამ მოგეხსენებათ, ნატო კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და იქ სრული თანხმობა არ იყო. ასე რომ ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომელიც იმ რეალობაში ყველაზე კარგი იყო და ვთქვით, რომ ერთ დღეს უკრაინა და საქართველო ნატოს ნაწილი იქნებოდნენ.
არ მომწონს საერთაშორისო პოლიტიკაში ვაკუუმის დატოვება. რომ დაუფიქრდე, გეოგრაფიულად უკრაინის გარშემო პოლონეთი, რუმინეთი და სხვები დავიცავით, რადგან მე-5 მუხლი შეერთებული შტატების მხრიდან მათ გარანტირებულად იცავს. უკრაინინსთვის კი ნატოს წევრობის გზამკვლევზე უარის თქმით, ალბათ ვაკუუმი დავტოვეთ“.
შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის აზრით, შვედეთი და ფინეთი ნატოში მალე გაწევრიანდებიან. ის ამბობს, რომ ამაზე 2008 წელს ვერც კი იოცნებებდა. თუმცა, ისიც მართალია, ეს უკრაინელი ხალხის „დიდი საზღაურის“ ფასად მოხდა.
„როცა ჩვენ წარმატებას მივაღწევთ უკრაინის დახმარებაში, რომ მათ რუსეთის აგრესია მოიგერიონ, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს და რა საბოლოო შეთანხმებითაც არ უნდა დასრულდეს, ჩვენ სახეცვლილ ევროპას მივიღებთ, რომელიც უკეთესობისკენ შეიცვლება. ამისთვის მადლობა უკრაინელ ხალხს უნდა გადავუხადოთ“ - ამბობს კონდოლიზა რაისი.