ევროკავშირის კანონმდებლები აპირებენ მხარი დაუჭირონ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მილსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ დასრულების დაბლოკვას ისახავს მიზნად. მილსადენმა რუსული გაზი ევროპამდე უკრაინის გვერდის ავლით უნდა ჩაიტანოს.
ევროპელების ეს ნაბიჯი კრემლის კრიტიკოსის და რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებას უკავშირდება.
ასევე ნახეთ: ნავალნის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯანავალნი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი, გასულ უქმეებზე დააკავეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ის რუსეთში 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ქიმიური იარაღით მოწამლვის შემდეგ მკურნალობას და რეაბილიტაციას გადიოდა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ნაავალნის საქმის მიუხედავად, მილსადენზე შეხედულებას არ იცვლის. მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხარდამჭერია.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს და მისი ნაწილი ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის. მილსადენმა წელიწადში 110 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიიტანოს გერმანიამდე. ბუნებრივი აირის ეს მოცულობა რუსეთის მიერ ევროპაში ექსპორტირებული გაზის ნახევარზე მეტია.
ცოტა ხნის წინ, შეერთებულმა შტატებმა იმ რუსულ ხომალდს დაუწესა სანქციები, რომელიც ზღვის ფსკერზე მილსადენის გაყვანაზე მუშაობს.
ასევე ნახეთ: აშშ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტში ჩართულ რუსულ გემს სანქციებს უწესებსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ოფიციალურ პირებს ბერლინში და სხვა ევროპულ დედაქალაქებში განუცხადა, რომ ხომალდ „ფორტუნას“ წინააღმდეგ სანქციები ძალაში 19 იანვარს შევიდოდა.
სანქციები ითვალისწინებს ნებისმიერი ევროპული კომპანიისთვის სადამსჯელო ღონისძიებებს, რომლებიც „ფორტუნასთან“ ითანამშრომლებენ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის დასასრულებლად.
2019 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის მშენებლობაში ჩართული ნებისმიერი გემის სანქცირებას ითვალისწინებს. შედეგად შვეიცარიულმა კომპანიამ „ოლსიმ“ სამუშაოები შეაჩერა. ამ დრომდე მილსადენის 90 პროცენტი დასრულებულია. რუსეთი ახლა პროექტის დასრულებას საკუთარი გემებით ცდილობს. სწორედ ეს გახდა ამერიკის მხარის თქმით, სანქციების გაფართოების მიზეზი.
ახალი სანქციები ძალაში ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე შევიდა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან მოელიან, რომ ის მოსკოვის პირისპირ უფრო მკაცრ პოზიციებს დაიჭერს. მან წარსულში მილსადენის პროექტის მიმართ უკმაყოფილება არაერთხელ გამოხატა. თუმცა, ბაიდენის გუნდი ასევე აცხადებს, რომ გააუმჯობესებს ურთიერთობებს ევროპელ მოკავშირეებთან, მათ შორის, გერმანიასთან.