ევროპის ქვეყნები კორონავირუსის შესაძლო პანდემიისთვის მოსამზადებელ გეგმებზე მუშაობენ. კოვიდ-19-ის შემთხვევები ევროპაში აზიასთან შედარებით ამ ეტაპზე ბევრად დაბალია, თუმცა მთავრობები მომზადებას ამჯობინებენ.
რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ვირუსის გავრცელებას ელოდებიან და განიხილავენ ისეთი საკითხების ორგანიზებას, როგორიცაა დიდი სპორტული ღონისძიებების, კონცერტების თუ სხვა საზოგადოებრივი თავყრილობების გაუქმების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემცირების, ფრენებისა და მგზავრობების შეზღუდვის თუ სკოლების დახურვის შესაძლებლობას.
ვირუსით ამჟამად მსოფლიოში 80 000-მდე ადამიანია ინფიცირებული, დაახლოებით 3 000 კი - გარდაიცვალა.
ევროკავშირის ლიდერები იმედოვნებენ, რომ წევრი ქვეყნები შენგენის ზონის შიგნით, თავისუფალ გადაადგილებას არ შეზღუდავენ, თუმცა ასევე ამბობენ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში ქვეყნების მთავრობები შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ახლა კარგი დროა პანდემიისთვის მოსამზადებლად, რადგან ევროპაში შესაძლოა დაავადების იმაზე მეტი შემთხვევა იყოს, ვიდრე ამ ეტაპზეა ცნობილი.
ბრიტანეთში ამ დრომდე კოვიდ-19-ის 13 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ქვეყანა ანალიზებისა და ტესტირების მასშტაბებს ზრდის და რამდენიმე კლინიკა უკვე მზადაა იმისთვის, რომ ის ადამიანებიც კი შეამოწმოს, ვისაც არ უმოგზაურია ან არ იცის ჰქონდა თუ არა დაავადებულებთან კონტაქტი. მედიკოსები ახალი შემთხვევების გამოვლენას მოსალოდნელად მიიჩნევენ.
თუმცა ევროპაში ყველაზე რთული ვითარება ამჟამად იტალიაშია. მისი მეზობელი სახელმწიფოები პანდემიისთვის აქტიურად ემზადებიან. ბრიტანეთი იტალიასთან ფრენების შეზღუდვას ამ ეტაპზე არ აპირებს და აცხადებს, რომ "ეს ვირუსი საზღვრებს არ ცნობს" და ჩინეთთან ფრენების აკრძალვის მიუხედავად, იტალია მაინც ძლიერ დაზარალდა.
საზღვრების საკითხს ქვეყნები, სავარაუდოდ, განსხვავებულად მიუდგებიან. შენგენის ზონის ზოგიერთმა წევრმა უკვე შეზღუდა ქვეყანაში მგზავრების შესვლა ჩინეთიდან. ევროკავშირის ლიდერები ამჟამად საზღვრებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის შენარჩუნებას ემხრობიან და არ სურთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა თუნდაც დროებითი ავტონომიური კონტროლი დაამყარონ შიდა საზღვრებზე.