სად ცხოვრობს ყველაზე ღარიბი მოსახლეობა?

მომავალშიც მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის ნახევარი საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში იქნება მობილიზებული

Your browser doesn’t support HTML5

სიღარიბე და მსოფლიო


მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის უმეტესობა გაჭირვებულ ქვეყნებში არ ბინადრობს. ახალი კვლევის თანახმად, [ღარიბთა] თითქმის 80 პროცენტი საშუალო შემოსავლიან სახელმწიფოებშია თავმოყრილი. „ამერიკის ხმის” ჯო დე კაპუა მოგვითხრობს.

ორი მილიარდი ღარიბი ადამიანი, რომელთა დღიური საარსებო მინიმუმი ორი დოლარი ან ნაკლებია, საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 500 მილიონია.

კვლევას სასექსის უნივერსიტეტის განვითარების ინსტიტუტის მკვლევარი, ენდი სამნერი ხელმძღვანელობდა.

უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, მრავალ ქვეყანაში საშუალო შემოსავალი ბევრად გაუმჯობესდა. თუმცა, სიღარიბის დონე იმ მასშტაბებით არ შემცირებულა როგორც ამის მოლოდინი ან იმედი იყო. ეს ყველაფერი ბოლო პერიოდში, მსოფლიოში უთანასწორობის მზარდი მნიშვნელობის ირგვლივ ატეხილ დებატებს უკავშირდება; ასევე იმას, უნდა დაეთმოს თუ არა გაეროს სიღარიბის მიზნების, ასევე, უთანასწორობის საკითხების განხილვას უფრო მეტი ყურადღება. გაეროს სიღარიბის მიზნების განხილვა 2015 წლისათვის არის გათვალისწინებული.

ათასწლეულის განვითარების ერთ-ერთი ამოცანა 2015 წლისათვის უკიდურესი გაჭირვებისა და შიმშილის აღმოფხვრას უკავშირდება. გაეროს თქმით, უკანასკნელ წლებში გამწვავებულმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა პროგრესი შეანელა. კრიზისის დაწყებიდან, „უკიდურესი გაჭირვების პირობებში მეტი ადამიანი და ოჯახი ცხოვრობს.”
სამნერის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეყანაში ხუთიდან ექვს პროცენტამდე ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება, ეს ფაქტორი უმნიშვნელო ზეგავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეში ერთ ან ორ დოლარს გამოიმუშავებენ.

ღარიბი მოსახლეობა შესაძლოა დედაქალაქიდან ან დიდი ქალაქებიდან გაცილებით შორს ან დაბალშემოსავლიან ადგილებში ცხოვრობდნენ. ისინი, შესაძლოა, ასევე იმ სოციალურ ჯგუფებს მიეკუთვნებოდნენ, რომლებიც დისკრიმინაციას განიცდიან ან ქვეყნის ფარგლებში გადაადგილება [მათთვის] გარკვეულ შიდა რეგულაციებთან ან მნიშვნელოვან ხარჯებთან იყოს დაკავშირებული.

სამნერის თქმით, მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის ნახევარი ინდოეთსა და ჩინეთში ცხოვრობს; ერთ მეოთხედი ისეთ მჭიდროდ დასახლებულ, საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ბინადრობს, როგორიცაა ნიგერია, პაკისტანი და ინდონეზია. დანარჩენი დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია თავმოყრილი.

თუ გასულ 20 წელიწადს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები მოსახლეობის ზრდის გამო რაოდენობრივად თითქმის უცვლელია მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულად ღარიბი ადამიანების რიცხვი მსოფლიოში შემცირდა.

თუმცა, სად იცხოვრებს მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობა 2020 ან 2030 წელს? სამნერის თქმით, მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის ნახევარი კვლავაც საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში იქნება მობილიზებული. იგი გვაფრთხილებს, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ სხვაობა მქონეებსა და უქონელთა შორის მოიმატებს.

მისი გაანგარიშებით, უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის ხარჯი დაახლოებით 60-დან 80 მილიარდ დოლარამდე იქნება წელიწადში. ეს მსოფლიოს მთლანი შიდა პროდუქტის 0.3 პროცენტს შეადგენს. მთლიან შიდა პროდუქტში ქვეყნებში წარმოებული საბოლოო პროდუქტისა და მომსახურების ღირებულება იგულისხმება.

სამნერის თქმით, „გლობალური სიღარიბის უღარიბესი ქვეყნებიდან საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში გადანაწილებასთან ერთად, უკიდურეს გაჭირვებასთან გამკლავების ახალი მიდგომაა საჭირო.” მისი თქმით, ამაში ასევე იგულისხმება „ეკონომიკური ზრდის სარგებლიანობისა და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებზე სახელმწიფო ხარჯების” გაცილებით სამართლიანი განაწილებაც.