ევროპის საფონდო ბირჟები მიესალმნენ ამერიკის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის დაბალ დონეზე შენარჩუნებას სულ ცოტა მომავალი ორი წლის მანძილზე. მსოფლიო ფინანსური ბაზრის საკითხებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სელა ჰენესი ლონდონიდან არკვევდა. სამშაბათს შეერთებული შტატების ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ 2013 წლამდე საკრედიტო რეიტინგი დაბალ საფეხურზე იქნება შენარჩუნებული. ამ ინიციატივას ევროპული ბაზრები კმაყოფილებით შეხვდნენ. ევროპელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს საკმაოდ კარგი ამბავია. თუმცა, გერმანიის ბაადერის ბანკის თანამშრომელი რობერტ ჰალვერი ამბობს, რომ ბაზრის დასამშვიდებლად მხოლოდ ეს განცხადება საკმარისი არ იქნება.
„ჩვენ გვაქვს გარანტია. ამერიკაში ორი წლის მანძილზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი ეს მშვენიერია. მაგრამ ბაზრების დასამშვიდებლად ეს საკმარისი არაა. ჩვენ ამ გლობალური პრობლემის გადასაჭრელად პოლიტიკური გადაწყვეტილება გვჭირდება,“ - ამბობს რობერტ ჰალვერი.
მისი თქმით, ბაზრებზე არამყარი მდგომარეობა მანამდე იქნება შექმნილი, ვიდრე პოლიტიკური კლიმატი უფრო ნათელი არ გახდება.
პარიზში მოქმედი ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლის მსხვილი ეკონომიკური ქვეყნები სირთულეების წინაშე დგანან, რადგან მათი განვითარების ტემპები შენელდა. ამერიკის ცენტრალური ბანკიც შეერთებული შტატების ეკონომიკის ნელი განვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
გასულ კვირას ამერიკის საკრედიტო რეიტინგი ჩამოქვეითდა და ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ახალი რეცესიის დაწყების შიში გამოთქვა. ოლივერ დე ლა ფერიერე საფრანგეთში საფონდო მენეჯერია.
მისი თქმით, დაბალი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ ბაზრები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და გარემო გაურკვეველია.
ევროპაში ამ პრობლემის უდიდეს ნაწილს სამთავრობო დავალიანების გარშემო შექმნილ კრიზისს უკავშირდება. სამმა ქვეყანამ - საბერძნეთმა, პორტუგალიამ და ირლანდიამ თავიანთი ევროპელი მეზობლებისგან დიდი ოდენობით სესხი აიღეს, რათა საკუთარი დავალიანება დაფარონ. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამ გზაზე ესპანეთი და იტალიაც დგანან.
ევროზონის წამყვანი ქვეყნები - გერმანია და საფრანგეთი კი მეზობლების დასახმარებლად ქმედით ნაბიჯებს დგამენ. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ესპანეთისგან და იტალიისგან მილიონობით დოლარის ღირებულების ბონდები შეისყიდა, მას შემდეგ, რაც ამ ნაბიჯზე კერძო ინვესტორებმა უარი თქვეს. ამის მიზეზი კი მათივე თქმით გაურკვეველი ბიზნესკლიმატი იყო.
ჰოვარდ ვილდონი ლონდონში მცხოვრები ინვესტორია. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე ევროზონის გულდასმით შესწავლა და გამოკვლევაა საჭირო.
„ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ის იდეები და შევთანხმდეთ იმაზე, რომ ერთიანი ვალუტის ექსპერიმენტი ფაქტობრივად ჩავარდა. ამიტომ ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ,“ - აცხადებს ვილდონი.
მისი თქმით, ვიდრე პოლიტიკოსები რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ბაზარზე მდგომარეობა მყიფე იქნება.