საბერძნეთი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შედეგად დაწყებული მძაფრი პოლიტიკური კრიზისის თითქმის დასასრულს უახლოვდება. შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების გადაწყვეტის შემთხვევაში ევროკავშირი საბერძნეთს ფინანსურ პაკეტს გამოუყოფს, რომლის დანიშნულებაც ქვეყნის გაკოტრებისგან დახსნაა. საბერძნეთში ოპტიმიზნის მიზეზის გაჩენის ფონზე, იტალიის ეკონომიკური მდგომარეობა კრიზისს უახლოვდება.
იტალიის დიდძალი ვალისა და მთავრობის არასტაბილურობის გამო ქვეყნის ბონდებზე საპროცენტო განაკვეთმა 6.5 პროცენტამდე მოიმატა. ეს იტალიის მთავრობისთვის სულ უფრო ართულებს სახელმწიფო ოპერაციების დაფინანსებისა და გარე ვალის დროული გასტუმრების შესაძლებლობას. ეკონომისტების აზრით, იმ შემთხვევაში, თუ საპროცენტო განაკვეთი 7 პროცენტს მიაღწევს იტალია ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებებს ვეღარ შეასრულებს და მასაც ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მასტიმულირებელი ფინანსური პაკეტი დასჭირდება.
ეს კი ექსპერტებს პრობლემად მიაჩნიათ. მათი აზრით, იტალია დიდი ქვეყანაა მსგავსი დახმარების გასაწევად.
ლონდონში დაფუძნებული ევროპული რეფორმის ცენტრის უფროსი ეკონომისტი სიმონ ტილფორდის განცხადებით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გადამჭრელი ზომები მალე უნდა მიიღოს, თუმცა მისი ხელმძღვანელები გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებენ:
„პრობლემა ის არის, რომ ამ ეტაპზე ეკონომიკური ზრდის უაღრესად სუსტი მდგომარეობა გვაქვს. ეს უპრეცედენტო ეკონომიკური ვითარებაა. სწორედ ამის გამო, ევროპის ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რადილაური ნაბიჯები უნდა გადადგან.“
ტილფორდის აზრით, თუ ევროპის ცენტრალური ბანკი იტალიის ბონდებს იყიდის, ამით სხვა ინვესტორებს ნდობას გაუღრმავებს და საპროცენტო განაკვეთის დაბალ დონეზე დატოვებას შეუწყობს ხელს. მისი აზრით, ეს უფრო პრაქტიკული გამოსავალია ვიდრე სამთავრობო დანახარჯების ისეთი მკაცრი შეზღუდვა, როგორის გატარებაც ევროკავშირმა საბერძნეთს აიძულა:
„ბიუჯეტის ისეთი შეკვეცის განხორციელება, როგორიც მათ მოსთხოვეს, შეუძლებელია. თუ იტალიამ ეს შეკვეცები დაიწყო, ერთადერთი რასაც შედეგად მივიღებთ, იქნება დამატებითი პრობლემები და არა გამოსავალი. არსებული პოლიტიკა შეიძლება უვადო სტაგნაციის მიზეზი გახდეს. საბერძენთის ეკონომიკა რეცესიაშია და საგარეო ვალთან დაკავშირებით ქვეყანას უდიდესი პრობლემები აქვს.“
ეკონომისტი და ბრიუსელის ბრუგელის ინსტიტუტის მკვლევარი ბენედიქტა მარზინოტო ტოლფორდს ეთანხმება და ამბობს, რომ მხოლოდ საბიუჯეტო ხარჯების შემცირება საკმარისი არ არის საბერძნეთის და ევროპის ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად:
„არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს სწორი გამოსავალია. გარკვეული ხარჯების შეკვეცა აუცილებელია. მაგრამ ამ ზომასთან ერთად, უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომელბიც ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს.“
ამ ფონზე, ევროპის სხვა ქვეყნები, მათ შორის პორტუგალია და ირლანდია უკვე ახორციელებენ დანახარჯების შეზღუდვის პოლიტიკას, ესპანეთი კი ცდილობს ინვესტორები დაარწმუნოს იმაში, რომ ქვეყანა სანდო პარტნიორია ფულის ჩასადებად.
მარზინოტოს აზრით, ესპანელები გაცილებით ეფექტურად ართმევენ თავს ეკონომიკურ სირთულეებს, ვიდრე იტალიელები. რამდენიმე დღეში გამოჩნდება რა გავლენას იქონიებს შიდა-პოლიტიკური დაპირისპირებები იტალიის ბონდების ფასსა და საპროცენტო განაკვეთზე, იქნება ეს ბერლუსკონის მთავრობის თუ ახალი, კოალიციური მმართველობის პირობებში. იტალიის ბონდების ფასების დადგენა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ იტალიის ეკონომიკა დაახლოებით სამჯერ აღემატება სამივე ქვეყნის - საბერძნეთის, ირლანდიისა და ესპანეთის - ერთად აღებულ ეკონომიკებს.
„საბერძნეთს დიდი პრობლემები აქვს, მაგრამ მათი გადაწყვეტა შედარებით ადვილად შეიძლება იმის გამო, რომ მისი ეკონომიკა საკმაოდ პატარაა. თუ ფინანსური ბაზრები იტალიის მიმართ ნდობას დაკარგავს, ეს ევოზონის მიმართ ნდობის დაკარგვის ტოლფასი იქნება.“
ევროპის ბაზრები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული ძლიერი საექსპორტო ბაზრის შესანარჩუნებლად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისი ევროზონის რამდენიმე ქვეყანაში მტკივნეულად აისახება მთალიანად ევროზონაზე და შესაძლოა მის ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუშალოს.
ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ქვეყნების ფინანსურ ბაზარზე არსებულმა გაურკვევლობამ მსოფლიო ბირჟებზე უარყოფითი გავლენა კვირის დასაწყისში უკვე იქონია. ექსპერტები აცხადებენ, რომ მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ლიდერები გადაწყვეტილებას დროულად არ მიიღებენ.