„ნელი კომპრომისი“

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეხვდნენ
უკანასკნელ პერიოდში, ევროზონის სამიტები, ჩვეულებრივ, ისე მთავრდება, რომ მონაწილეები შეთანხმებას ვერ აღწევენ. თუმცა, ფინანასურ პრობლემებთან დაკავშირებული სამიტი, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, ამ წესიდან გამონაკლისი იყო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ამ შეხვედრას „ნელი კომპრომისი“ უწოდა:

„ახალი ზომები, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით, მათ შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარება, სტრუქტურული ფონდების მობილიზაცია და სხვადასხვა ბაზარზე ეფექტური ინტერვენცია, ფინანსურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.“

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ევროპის ლიდერები შეთანხმდნენ იყო ის, რომ მასტიმულირებელი პაკეტები პირდაპირ ბანკებს გამოეყოს და არა ეროვნულ მთავრობებს. აქამდე, ბანკების დასახმარებლად მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობდა - ევროკავშირი თანხას ქვეყნის მთავრობას აძლევდა, მთავრობა კი თავად ანაწილებდა ფულს საკუთარ იურისდიქციაში მყოფ ბანკებზე.

საინვესტიციო ორგანიზაცია „დაივა კაპიტალ მარკეტსის“ უფროსი მკვლევარი გრენტ ლუისი ამბობს, რომ ეს ზომა ბანკებს დროებით შვებას მისცემს:

„ამ ზომის განხორციელების შემთხვევაში, ესპანეთის ვალისა და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა ისეთი მაღალი აღარ იქნება და დაახლოებით 10 პროცენტზე ჩამოვა. ეს არც თუ ისეთი კარგი მაჩვენებელი იქნება, მაგრამ ვითრება დროებით მოწესრიგდება. მიუხედავად ამისა, მთავარი შეკითხვა ევროს მომავალზე მაინც უპასუხოდ რჩება.“

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში იტალია და ესპანეთი ვალს ისეთი ტემპებით იღებდნენ, რომ მათი კონტროლი შეუძლებელი ხდებოდა. აღებული ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტს უახლოვდებოდა, რაც ეკონომისტების აზრით, ის ზღვარია, რომლის მიღმაც ქვეყნის ეკონომიკში უკონტროლო რღვევა იწყება.

ესპანეთი ამჟამად 125 მილიარდი დოლარის გამოყოფას ელის ევროკავშირისგან, რომელიც მთლიანად ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებს მოხმარდება.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უარყო განცხადება იმის თაობაზე, ის ესპანეთისთვის პირდაპირი დახმარების გამოყოფას ეწინააღმდეგებოდა.

„მე ვთქვი, რომ აუცილებელი იყო ზეწოლა და ამ ზეწოლაზე დამორჩილება. ჩემი აზრით, კარგ კომპრომისს მივაღწიეთ.“

გრანტ ლუისი ამბობს, რომ ევროს კრიზისის დამთავრებამდე კიდევ არაერთი სამიტის ჩატარება და უამრავი კომპრომისის მიღწევა იქნება საჭირო:

„ფაქტობრივად, გამოდის, რომ გერმანელ გადასახადის გადამხდელებს ვთხოვთ, რომ დააზღვიონ ისეთი ქვეყნების ვალი, რომელთა ფინანსურ პოლიტიკასაც გერმანია არ ეთანხმება ან ვერ აკონტროლებს მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. გერმანია მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება დამატებით დათმობებს, თუ დასახმარებელი ქვეყნების საჯარო ფინანსებზე გარკვეული გავლენა ექნება.“

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გერმანია ამ შემთხვევაში შეიძლება დათმობაზე წავიდა და სამხრეთ ევროპის დახმარება გადაწყვიტა. მაგრამ, რთული სათქმელია, რამდენად გადადგამს მერკელი იგივე ნაბიჯს მომავალში, რადგანაც გერმანია ითხოვს უფლება მიეცეს იმის გადაწყვეტაში, თუ როგორ დახარჯავს მიღებულ თანხას დახმარების მიმღები ქვეყანა. ამას კი ქვეყნები, ბუნებრივია, ეწინააღმდეგებიან.