რამდენად მზადაა ევროპა ენერგოკრიზისისთვის?

რუსული გაზსადენები უკრაინაში

უკრაინის მოვლენების ფონზე ევროპაში ბუნებრივი აირი გაძვირდა. შეფერხების შემთხვევაში, ევროკავშირში ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს საფრთხე ემუქრება
უკრაინაში დაძაბულობა არ განელებულა. ანალიტიკოსების აზრით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა ევროპაში ენერგოკრიზისი გამოიწვიოს. კონტინენტზე ბუნებრივი აირის ფასებმა უკვე მოიმატა. ეს კი ევროპის ეკონომიკური გაჯანსაღების ისედაც სუსტ პროცესს კვლავ საფრთხის ქვეშ აყენებს.

რუსეთი ევროპის ბუნებრივი აირის მარაგის დაახლოებით ერთ მეოთხედს ავსებს. გეოგრაფიულად ევროპას და რუსეთს შორის მყოფ უკრაინაში ნებისმიერ რეგიონალურ კონფლიქტს კონტინენტზე სერიოზული ეკონომიკური პრობლემების გამოწვევის პოტენციალი აქვს. ბუნებრივი აირით მომარაგების შეფერხებები გამორიცხული არ არის. შექმნილ სიტუაციას ბრიტანელი ექსპერტი, საიმონ პირანი აფასებს. ის ოქსფორდში ენერგეტიკული პოლიტიკის სწავლებათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. ანალიტიკოსის თქმით, „ბაზრებზე ფასები ბოლო რამდენიმე დღეში გაიზარდა. ამას მოკლე, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ბუნებრივი აირის ხელმისაწვდომობის რისკის გამო შექმნილი პანიკა იწვევს“.

Your browser doesn’t support HTML5

აუდიო: რამდენად მზადაა ევროპა ენერგოკრიზისისთვის?


უკრაინა რუსეთის ბუნებრივ აირზე თავადაც დიდად არის დამოკიდებული. მზარდი დაძაბულობის პირობებში, რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი თვიდან მოსაზღვრე ქვეყნისთვის ბუნებრივ აირს გააძვირებს. უკრაინის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ფირმის „ნეფტგაზის“ დავალიანებამ რუსული კომპანიის მიმართ 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, გიუნტერ ოტინგერმა სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპაში ენერგომომარაგების შეწყვეტის საფრთხე უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. ოტინგერის განცხადებით, „ამ მომენტისთვის წევრ ქვეყნებში ბუნებრივი აირის მხრივ კარგი მდგომარეობაა. ნორმალური ზამთარი გვონდა. ჩვენი მარაგი უფრო სავსეა, ვიდრე გასულ წელს იყო და ამასთან, რეზერვიც ყველგან გაგვაჩნია“.

ევროპამ რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებაში წყვეტის გამოცდილება უკვე მიიღო. 2006 და კიდევ - 2009 წელს ფასების გამო რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე დავამ ევროპაში ბუნებრივი აირის შეფერხებები გამოიწვია. ცივმა ზამთარმა და მარაგის სიმცირემ ბუნებრივი აირის ფასები გაზარდა.

აღნიშნული გამოცდილებიდან გამომდინარე, დღეს ევროპა ენერგოკრიზისისთვის უფრო მომზადებული ჩანს. ის უკრაინაზე გამავალ რუსული ბუნებრივი აირის სატრანზიტო ხაზზე ნაკლებადაა დამოკიდებული. 2011 წელს გახსნილი გაზსადენი, სახელწოდებით -„ჩრდილოეთის ნაკადი“- ბუნებრივ აირს ბალტიის ზღვიდან პირდაპირ აწვდის გერმანიას, რუსეთის ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილ ევროპელ მომხმარებელს.

„საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2009 წლის შემდეგ. ხალხი მიხვდა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის დავა გაზსადენის მეორე მხარესაც დიდ გავლენას ახდენს“ - ამბობს ბრიტანელი ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, საიმონ პირანი. ის „სამხრეთის ნაკადზეც“ საუბრობს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გავლით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას მოამარაგებს. გაზსადენის გახსნა 2015 წლისთვის იგეგმება და 2018 წელს სრული მოცულობით ამუშავებისთანავე, ევროპის მომარაგების ნახევარს შეავსებს. პირანის აზრით, „გაზპრომს“ ბუნებრივი აირით მომარაგების შეწყვეტა თავადაც არ აწყობს. „გაზპრომი“ კომერციული კომპანიაა, მან ფული უნდა აკეთოს და მას ევროპელი მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება თავადაც სჭირდება“ - აღნიშნავს ბრიტანელი ექსპერტი.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების სანდოობის საკითხი კიდევ ერთხელ წამოჭრა. ევროკავშირი ენერგორესურსების დივერსიფიცირების მცდელობას სავარაუდოდ გააორმაგებს და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით მეტ ყურადღებას ალტერნატიული წყაროების ძებნაზე გაამახვილებს.