ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ამბობს, რომ რუსეთი ომის დანაშაულს სჩადის, როცა მილიონობით ტონა უკრაინული ხორბლის ექსპორტს ბლოკავს. ჯოზეფ ბორელმა აღნიშნული განცხადება დღეს გააკეთა, მაშინ როცა გლობალური სასურსათო კრიზისის ფონზე, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სწორედ უკრაინიდან ხორბლეულის ექსპორტირების გზებზე მსჯელობენ.
უკრაინა მთელ მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია. რუსეთის მიერ დაწყებული არაპროვოცირებული ომის ფონზე, დღევანდელი მონაცემებით, უკრაინაში დაახლოებით 20 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტია შეჩერებული. რუსეთმა უკრაინული პორტები დაბლოკა, საიდანაც ხორბლეულის ძირითადი ნაწილის ქვეყნიდან გატანა ხდებოდა. გაერო აცხადებს, რომ ღარიბ ქვეყნებში შიმშილობა იწყება, რადგან ისინი დიდად არიან დამოკიდებული იმპორტირებულ ხორბალზე.
რუსეთი უარყოფს საკუთარ პასუხისმგებლობას გლობალური სასურსათო კრიზისის გამოწვევაში. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ბრალია, იმის მიუხედავად, რომ სანქციები თავიდანვე ძალზე ფრთხილად შეირჩა, რათა ისინი სურსათის ექსპორტს არ შეხებოდა.
ასევე ნახეთ: რუსეთს უკრაინული ხორბალი სირიაში გააქვსჯოზეფ ბორელმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გახსნას შავი ზღვის პორტები და უკრაინული ხორბლის ექსპორტი უზრუნველყოს. "წარმოუდგენელია, რომ მილიონობით ტონა ხორბალი უკრაინაშია დაბლოკილი, მაშინ როცა დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილით იტანჯება... ეს ნამდვილი ომის დანაშაულია" - უთხრა ჟურნალისტებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
ევროპის კავშირი მხარს უჭერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნაბიჯებს, რომელიც ცდილობს მოლაპარაკება აწარმოოს რუსეთთან, რათა მოსკოვმა უკრაინულ ექსპორტს გზა გაუხსნას. საქმე ეხება არამარტო ხორბლეულს, არამედ სხვა მარცვლეულ კულტურებს და სასუქის ექსპორტსაც. შექმნილ ვითარებაში ეს ყოველივე რუსეთის გარეშე ვერ მოხდება.
პარალელურად, გერმანია და სხვა ქვეყნები უკრაინიდან ხორბლეულის გატანას რკინიგზის ქსელებით ცდილობენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ ბერლინი ეხმარება პოლონეთს და რუმინეთს, უკრაინიდან ხორბლის ექსპორტირების მიზნით, მათი სარკინიგზო ლიანდაგების ადაპტაციაში. თუმცა, სახმელეთო გზებით ხორბლის ექსპორტი მხოლოდ მცირე შეღავათს იძლევა. უკრაინას გასულ წელს ხორბლის რეკორდული მოსავალი ჰქონდა - 84 მილიონი ტონა, რაც წინა წლის მოსავალთან შედარებით, 19 მილიონი ტონით მეტია.
ომის დაწყების მიუხედავად, უკრაინელი ფერმერები წელსაც აგრძელებდნენ ხვნა-თესვას. დაბომბვების ფონზე, მათ მხოლოდ 14.2 მილიონი ჰექტარი მიწის დამუშავება შეძლეს, რაც ბევრად ნაკლებია შარშანდელ 16.9 მილიონ ჰექტართან შედარებით.