ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს, 21 ნოემბერს კიევში ჩავიდა. ბრიუსელი ამ ჟესტით მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, რომელიც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. დემონსტრაციების შედეგად, მაშინ კიევში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ჩამოაგდეს და უკრაინა მტკიცედ დაადგა პროდასავლურ კურსს.
ასევე ნახეთ: ოსტინი კიევში ვიზიტით უკრაინას მხარდაჭერას უდასტურებს21 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინას თავს რუსეთი დაესხა, კიდევ ერთხელ დაარღვია მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ამჯერად მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოსთან სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ ფონზე, რამდენიმე კვირაში ევროკავშირის ლიდერები გადაწყვეტენ, დათანხმდნენ თუ არა ფორმალური მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესის დაწყებას, უკრაინის ბლოკში გაწევრიანების თაობაზე. კიევს იმედი აქვს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.
უკრაინა, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, 21 ნოემბერს "ღირსების დღეს" ზეიმობს. კიევი ამ დღეს აღენიშნავს ქვეყნის ორ პროდასავლურ და პროდემოკრატიულ რევოლუციას, 2004 და 2014 წლებში. ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ერისადმი ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ კიევის მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ორი ათეული წლის წინ იყო "რომანტიული ოცნება", მაგრამ ახლა "რეალობა" ხდება.