ევროპარლამენტმა კოვიდ-19-ის ციფრული სამგზავრო სერთიფიკატი დაამტკიცა - მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირის მოქალაქეებს შეუძლიათ ევროპულ ქვეყნებში კარანტინისა და დამატებითი კოვიდ-ტესტირების გარეშე იმგზავრონ.
რეგულაცია ამ დოკუმენტის გამოყენების შესახებ სტრასბურგში ევროპარლამენტის ორი კენჭისყრით დამტკიცდა. კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ წევრი ქვეყნები ამ სერთიფიკატის მქონე მოქალაქეებისთვის ზედმეტ რეგულაციებსა და წესებს არ შემოიღებენ. ამჯერად ეს წესი უკვე ფორმალურად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.
ასევე ნახეთ: აშშ მოგზაურობაზე შეზღუდვების უსაფრთხო მოხსნის მიზნით ექსპერტთა ჯგუფებს ქმნის
პროგრამა სავარაუდოდ 1 ივლისიდან დაიწყება და ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა აღიაროს ნებისმიერი სხვა წევრი ქვეყნის მიერ გაცემული ამგვარი სერთიფიკატი. საშვი უშუალოდ კონკრეტული ქვეყნის მიერ გაიცემა და არა ცენტრალიზებული ევროპული სისტემის მეშვეობით. ეს საშვი შეიცავს სპეციალურ QR კოდს და უსაფრთხოების დამატებით ზომებს. პერსონალური ინფორმაცია ქვეყნებს შორის გაზიარებული არ იქნება.
სისტემის დანერგვა უკვე დაიწყეს ბულგარეთმა, ხორვატიამ, ჩეხეთმა, დანიამ, გერმანიამ, საბერძნეთმა და პოლონეთმა. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა აღიაროს ვაქცინაციის თაობაზე სხვა წევრი ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტი იმ ვაქცინის შესახებ, რომელიც ევროპის მედიცინის სააგენტოს მიერაა ავტორიზებული. წევრებს უფლება ექნებათ დამატებით გადაწყვიტონ, თავად მიიღებენ თუ არა სერთიფიკატებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში მხოლოდ ეროვნულ დონეზეა სერტიფიცირებული, ან რომლებსაც საგანგებო გამოყენების უფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან აქვთ მიღებული.