სამშაბათს, ევროკავშირმა “ასტრაზენეკას” წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა, რაც შესაძლოა კომპანიაზე ფინანსური ჯარიმის დაკისრების საწინდარი გახდეს. ევროკავშირი კომპანიას ბრალს სდებს, რომ მან “კოვიდ-19” ვაქცინის მიწოდების კონტრაქტი დაარღვია.
ეს მეორე სარჩელია, რომელიც ევროკავშირმა “ასტრაზენეკას” წინააღმდეგ შეიტანა. პირველი სარჩელი, ვაქცინის მიწოდების დაგვიანების გამო, აპრილის ბოლოს შეიტანეს.
ასევე ნახეთ: საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს
“ასტრაზენეკამ” განაცხადა, რომ ევროკავშირის პირველი სარჩელი საფუძველს მოკლებულია და თქვა, რომ კონტრაქტის პირობები შეასრულა. კომპანიის ადვოკატმა სამშაბათს თქვა, რომ ახალი სარჩელის საჭიროება არ არსებობს, რადგან წარმოებაში ერთი სარჩელი უკვე წარმოებაში მიღებულია.
ევროკავშირის ადვოკატმა რაფაელ ჯაფერალიმ, ბელგიურ სასამართლოში მოსმენისას ითხოვა, რომ “ასტრაზენეკამ” ივნისის ბოლოსთვის 120 მილიონი დოზის მიწოდება უზრუნველყოს.
ინგლისურ-შვედურმა წამლის მწარმოებელმა, თავდაპირველად 300 მილიონი დოზის მიწოდების პირობა დადო, რომელსაც დეკემბრიდან ივნისის ბოლომდე უზრუნველყოფდა, მაგრამ მიწოდება შეაყოვნა და გაერთიანებას მხოლოდ 50 მილიონი დოზა გადასცა, რაც კონტრაქტის პირობების თანახმად, იანვრისთვის უნდა შესრულებულიყო.
“ასტრაზენეკა”-ს მიზანია წლის შუა რიცხვებამდე, ევროკავშირს 100 მილიონი დოზა გადასცეს. ამის შესახებ კომპანიის ადვოკატმა ჰაკიმ ბულარბამ სამშაბათს გამართულ მოსმენაზე განაცხადა. მან თქვა, რომ “ასტრაზენეკა” ვალდებული არ იყო კონტრაქტში აღნიშნული დოზების სრული მოცულობა მიეწოდებინა, რადგან მხოლოდ იმის პირობა დადო რომ ამის მისაღწევად “საუკეთესო გონივრულ ძალისხმევას” მიმართავდა.
პირველ სარჩელზე მოსმენა 26 მაისისთვის არის ჩანიშნული. ამ სარჩელით ევროკავშირს დოზების მიწოდების დაუყოვნებლად აჩქარება სურს.
მეორე სარჩელის განხილვა კი 24 სექტემბერს მოხდება.