გაზეთმა "ფაინენშალ თაიმს" (Financial Times) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროკომისია რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის საბჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან დაიწყოს მოლაპარაკება, მათი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. მოლაპარაკების დაწყება 1 ივლისისთვის უნდა მოხდეს, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარეობას როტაციით უნგრეთი გადაიბარებს.
აღნიშნული განცხადება 7 ივნისს ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ გააკეთა. "წევრ ქვეყნებს განახლებული ინფორმაცია მივაწოდეთ. მიგვაჩნია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ყველა პირობა შეასრულეს. ახლა გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია", - განაცხადა მან.
უკრაინისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პირობები იყო ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, თანამდებობის პირების კუთვნილი აქტივების დეკლარირების წესები და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა.
თუმცა, უნგრეთი, რომელიც როტაციით ევროკავშირის თავმჯდომარე ხდება, ბლოკში რუსეთის მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილ წევრ სახელმწიფოდ ითვლება. ის ბლოკავს უკრაინის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებების უმეტესობას. ბუდაპეშტი, სავარაუდოდ, ასევე დაუპირისპირდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასაც, კერძოდ, დასავლეთ უკრაინაში უნგრული ეთნიკური უმცირესობის უფლებების კუთხით არსებული პრობლემების გამო.
უნგრეთი 2024 წლის ივლისიდან ექვსი თვის განმავლობაში, დეკემბრის ჩათვლით, იქნება ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა - როტაციის პრინციპით. საბჭოს სხდომების თავმჯდომარის მოვალეობას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეასრულებს.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი უკრაინის მთავრობამ 2022 წლის 28 თებერვალს წარადგინა. ოთხი თვის შემდეგ, 23 ივნისს, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
2023 წლის 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მთავრობის ორგანიზებული კონცერტით აღნიშნეს. მაგრამ, ამ მოვლენიდან ექვსი თვის თავზე, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის" სადავო კანონის მიღება, სავარაუდოდ ევროკავშირთან ურთიერთობებს გაართულებს.
ბრიუსელი და ვაშინგტონი თბილისს არადემოკრატიული კანონის მიღებას არ ურჩევდნენ და აფრთხილებდნენ, რომ ის დასავლეთში ინტეგრაციას გაართულებდა. 6 ივნისს, საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ ჩართულ ქართველ ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა.