ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა კოვიდ-სერტიფიკატების გამოყენება დაიწყო

საბერძნეთმა, გერმანიამ და კიდევ ხუთმა ევროკავშირის ქვეყანამ მოგზაურებისთვის ვაქცინაციის სერტიფიკატის სისტემა შემოიღო. ევროკომისიის ინფორმაციით, პროგრამას იწყებენ ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, ხორვატია და პოლონეთი, 1 ივლისს დაგეგმილი, ბლოკის ქვეყნების მიერ საერთო სისტემის შემოღებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

საბერძნეთი, რომლის ეკონომიკაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმზე, ბრიუსელისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვდა. სერტიფიკატებს იმ ადამიანებს აძლევენ, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი არიან, ან უკვე გადაიტანეს კოვიდ-19-ის დაავადება. სხვებს საბერძნეთში შესვლა 72 საათში გაკეთებული უარყოფითი კოვიდ-ტესტის წარდგენით შეუძლიათ.

ასევე ნახეთ: მსოფლიოში უმუშევართა რიცხვმა შესაძლოა 205 მილიონს მიაღწიოს

დოკუმენტები ციფრულ და ქაღალდის ფორმატში გაიცემა, ის უფასოა და ევროკავშირის ყველა ქვეყანაში იქნება ვალიდური. „ევროკავშირის მოქალაქეები ელიან მოგზაურობის შესაძლებლობას, მათ სურთ ეს უსაფრთხოდ გააკეთონ. ამ კუთხით ევროკავშირის სერთიფიკატი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარმა, სტელა კირიაკიდესმა.

ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ვაქცინების მისაღები სია თავად შეადგინონ და საერთო სიას დაამატონ ის ვაქცინები, რომლებიც შესაძლოა ევროკავშირის მიერ ოფიციალურად არ იყოს ავტორიზებული.

ასევე ნახეთ: ჯანმომ მეორე ჩინური ვაქცინაც დაამტკიცა

ევროკომისია ფიქრობს, რომ პირებს, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებულნი, ტესტის გაკეთება და კარანტინი აღარ უნდა მოეთხოვებოდეთ, მიუხედავად იმისა საიდან და სად მოგზაურობენ ისინი. ადამიანი სრულად ვაქცინირებულად ითვლება, თუ ორდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში, მეორე დოზით ვაქცინაციის შემდეგ 14 დღეა გასული.