ევროპულმა საბჭომ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ორდღიანი სამიტის პირველი სამუშაო დღის ბოლოს, 21 მარტს, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც რამდენიმე საკითხს, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებას ეხება.
საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების წინსვლაში და მხარს უჭერს ამ ქვეყნებთან გაწევრების საკითხზე მოლაპარაკების ჩარჩო დოკუმენტების სწრაფად მიღებას.
ევროპული საბჭო მხედველობაში იღებს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას მოუწოდებს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ.
საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და მოლაპარაკებების დასაწყებად შესასრულებელი აქვს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტი. მათ შორისაა ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, სასამართლო რეფორმის დასრულება და საპარლამენტო ზედამხედველობის, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება.
ასევე ნახეთ: პენელი USAID-ის მიერ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილ წვლილზე, სააგენტოს საქმიანობასა და მოახლოებულ არჩევნებზეევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა უკრაინას და მოლდოვას 2022 წელს მიანიჭეს წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. 2023 წლის დეკემბრის სამიტზე ევროკავშირმა მიიღო უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
2024 წლის იანვარში ევროკომისიამ დაიწყო მუშაობა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩოზე - დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების წარმოების პრინციპებსა და პროცედურებს. ამ დოკუმენტს და მოლაპარაკებების დაწყების თარიღს ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები „ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ერთ დროს მოწინავე საქართველო უკან დახიეს. „ქართული ოცნების" ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის უკრაინასა და მოლდოვაზე უფრო გვიან მინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო.