ევროკავშირის ახალი ელჩი: დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად

ევროკავშირის ახალი ელჩი პაველ ჰერჩინსკი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი პაველ ჰერჩინსკი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ევროკავშირის წარმომადგენლობა მის პირველ მიმართვას ავრცელებს:

"საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობა არის. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის.

ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა".

ასევე ნახეთ: საქართველოს და უკრაინის პირველი დიპლომატების შეხვედრა

დღეს, 5 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ცერემონია ორბელიანების სასახლეში გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრციის პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში მუშაობის დაწყებამდე, ელჩი ჰერჩინსკი ბრიუსელში ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო ქმედებათა სამ­სა­ხუ­რის ერ­თი­ა­ნი უსაფრთხო­ე­ბისა და თავ­დაც­ვის პო­ლი­ტი­კი­ს და კრი­ზი­სებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის დი­რექ­ტო­რატს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მა­ნამ­დე მას ბრიუსელში პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში პო­ლო­ნე­თის ელ­ჩის, ნიუ-იორკში გაეროში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თა­ნამ­დე­ბო­ბები ეკა­ვა.