ერდოღანი: სირიაში რუსებთან ერთობლივი პატრულირება პარასკევს დაიწყება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ თურქებისა და რუსების ერთობლივი დანაყოფები ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში პატრულირებას პარასკევს დაიწყებენ. ამის შესახებ ერდოღანმა ოთხშაბათს, ეროვნული ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებით, მათი შეიარაღებული ძალები იმ ტერიტორიების მონიტორინგს დაიწყებენ, რომლებსაც მანამდე ქურთი მებრძოლები აკონტროლებდნენ.

სირიის ტერიტორიების გაყოფის შესახებ შეთანხმებას რუსეთმა და თურქეთმა გასულ კვირას სოჭში მიაღწიეს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სამშაბათს თქვა, რომ ამ ტერიტორიებიდან ათობით ათასი ქურთი მებრძოლი უკვე გასულია. თუმცა ერდოღანის თქმით, მიზანი - ტერიტორიის ქურთებისგან სრული გაწმენდა, ჯერჯერობით მიღწეული არ არის და ყველა "საჭირო პასუხი" მას შემდეგ იქნება გაცემული, რაც ისინი ადგილზე "სამუშაოებს" ჩაატარებენ.