ნიუ-იორკის სასამართლომ თურქეთის სახელმწიფო ბანკის "ჰალკბანკის" აღმასრულებელი დირექტორი მეჰმეტ ჰაკან ატილა, ამერიკის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ეს ამერიკის მიერ თურქეთის პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ „პოლიტიკური გადატრიალების მოწყობის მცდელობაა" და მისი ქვეყნის წინაღმდეგ „შეთქმულებების სერიის“ ნაწილია.
მეჰმეტ ჰაკან ატილა 6 ბრალდებიდან ხუთში ცნეს დამნაშავედ. როგორც ირკვევა, თურქული ბანკები ჩართული იყვნენ ფულის გათეთრების ოპერაციებში ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის თავიდან აცილების მიზნით. ახლა საუბარია იმაზე, უნდა დააწესოს თუ არა ამერიკამ გარკვეული სანქციები თურქეთის წინააღმდეგაც, მაგალითად, როგორიცაა შეზღუდვა თურქულ ბანკებზე, ისესხონ ფული ამერიკის ფინანსური ბაზრებიდან. ყოველთვიურად თურქეთი დაახლოებით 16 მილიარდ დოლარს სესხულობს.
ერდოღანის თქმით, ეს საქმე ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ მისი თანამდებობიდან გადაგდების მცდელობაა. ეს განცხადება მან პარლამენტში საკუთარი პარტიის წევრებისადმი მიმართვისას გააკეთა.
„ისინი, ვინც ვერ გაიმარჯვეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში თურქეთში 2016 წლის ივლისში, ახლა ცდილობენ სხვაგვარად მოახდინონ ამბოხი ჩვენს ქვეყანაში“, თქვა ქვეყნის ლიდერმა.
ანკარა ვაშინგტონს ამერიკაში მცხოვრებ სასულიერო პირთან ფეტჰულა გულენთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. თურქეთის მთავრობის შეფასებით, ამერიკული მხარე ჩართული იყო 2016 წელს თურქეთში ამბოხის მოწყობაში. ამბოხის მცდელობას 150 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამერიკული მხარე თურქეთის ბრალდებებს უარყოფს. თურქეთი უკვე დიდი ხანია გულენის ექსტრადირებას სთხოვს, რომელიც პენსილვანიის შტატში ცხოვრობს და გადატრიალების მცდელობასთან ნებისმიერ კავშირს უარყოფს.
თურქეთის ურთიერთობები ნატოსა და მის მოკავშირე სახელმწიფოებთან 2016 წლის შემდეგ ისედაც დაძაბულია. ამერიკული მხარის მიერ „ჰალკბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის დამნაშავედ ცნობის შემდეგ კი ამერიკასთან ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა.
ანალიტიკოსი ატილა იესილადა ამბობს, რომ ამ ბრალდებების გამოძახილმა და საპასუხო რეაქციებმა შესაძლოა დაძაბულობა გაზარდოს. კრიზისის ესკალაციის შემთხვევაში ამერიკას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვაგვარი ფინანსური შეზღუდვები თურქეთის წინააღმდეგ, მაგალითად საბანკო სესხების მიღების შესახებ, რაც მყისიერად აისახება თურქეთის ფინანსურ მდგომარეობაზე.
ერდოღანი ასევე იმუქრება, რომ სირიელ ქურთებს დაესხმება თავს, რომლებიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის მთავარი მოკავშირეები არიან.
პუბლიცისტი სემიჰ იდიზი, რომელიც საიტ ალ-მონიტორისთვის წერს, ამბობს, რომ ეს ერდოღანის მხრიდან ვაშინგტონზე ზეწოლის მოხდენის მცდელობაა:
„თურქეთის მხრიდან ეს ნამდვილად არის ომის ზღვარზე სიარული. ეჭვგარეშეა, რომ არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ის მიიღებს იმას, რაც სურს. მაგრამ ანკარა ცდილობს აქცენტის გაკეთებას იმ ფაქტზე, რომ თურქეთი ამერიკისთვის არსებითად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და მას გვერდს ვერ აუვლის. თუმცა თურქეთი რუსეთის კეთილლგანწყობის მოპოვებასაც ცდილობს. ასე რომ ვფიქრობ, ერდოღანი ცდილობს ვაშინგტონზე წნეხის გამოყენებას იმისთვის, რომ შეამციროს ნებისმიერი მოსალოდნელი სასჯელი“, ამბობს მიმომხილველი.
თურქეთი აგრძელებს ურთიერტობების გაღრმავებას რუსეთთან. ერდოღანი ასევე ცდილობს უკეთესი კავშირების დამყარებას სხვა ევროპულ სახელმწიფოებთანაც. მაგალითად საფრანგეთთან - როგორც სახელმწიფო მედიასაშუალებები იუწყებოდნენ გასულ კვირას საფრანგეთში ერდოღანის ვიზიტის შემდეგ, "საფრანგეთი უფრო სანდო მოკავშირეა, ვიდრე შეერთებული შტატები."
თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ თურქეთი იპოვის მოკავშირეებს, რომლებთან ერთადაც სირიელი ქურთების წინაარმდეგ შეძლებს გალაშქრებას და მუქარის შესრულებას. თუმცა ვაშინგტონთან ურთიერთობის დაძაბვის კვალდაკვალ ერდოღანი აგრძელებს სხვა პარტნიორების ძებნას.