ასადმა არჩევნები მოიგო

სამოქალაქო ომის ვითარებაში პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მესამე შვიდწლიანი ვადით სირიის ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა
ბაშარ ალ-ასადმა საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა. სამწლიანი სამოქალაქო ომის ვითარებაში სირიის პრეზიდენტმა შვიდწლიანი ვადით ქვეყნის ერთპიროვნული ლიდერობის უფლება უკვე მესამედ მოიპოვა. თუმცა, არჩევნები მხოლოდ იმ რეგიონებში გაიმართა, რომელსაც სირიის მთავრობა აკონტროლებს.

სირიის პარლამენტის სპიკერის -მოჰამად ლაჰამის- განცხადებით, არჩევნებში მონაწილეთა 89 პროცენტმა, 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ხმა ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს მისცა. იუსტიციის მინისტრის ნაჯმ ალ-აჰმადის განცხადებით, არჩევნები „უპრეცედენტო წარმატებით“ ჩატარდა.

შეერთებული შტატები და ევროკავშირი სირიაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მკვეთრად აკრიტიკებს. სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ის არ შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს, რადგან „ვერ გექნება არჩევნები, რომელშიც მილიონობით მოქალაქეს ხმის მიცემის საშუალებაც კი არ გააჩნია“.