სამშაბათს გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას და მისი მუსლიმთა საძმოდან გამოყოფას მოითხოვდნენ
Your browser doesn’t support HTML5
პრეზიდენტ მორსის პირობამ, რომელიც კონსტიტუციური დეკლარაციის მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში ამოქმედებას უკავშირდება, სიტუაცია ვერ განმუხტა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც მას პოტენციურ დიქტატორად განიხილავს.
ქაიროში, სამშაბათს გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას და მისი მუსლიმთა საძმოდან გამოყოფას მოითხოვდნენ. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მორსის სწორედ საძმომ უბიძგა ძალაუფლების გაფართოებისაკენ მიუხედავად მისი ამ ორგანიზაციიდან ფორმალური გამოყოფისა, რამაც მორსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოუტანა.
ოპონენტები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა უშუალოდ ბრძანებულებებში ცვლილებები არ შეიტანა, რაც მის გადაწყვეტილებებს, დროებით, სასამართლო გადაწყვეტილებაზე მაღლა აყენებს.
მოედანზე მოსული ერთ-ერთი დემონსტრანტის, ამრ სედის თქმით, დეკლარაცია იმაზე უფრო ავტორიტარულია, ვიდრე წინა ხელისუფლების მიერ მიღებული საშინელი საგანგებო კანონები. იგი ამბობს, რომ საგანგებო კანონები უსაფრთხოების ძალებს არეგულირებდა მაშინ, როცა კონსტიტუციური დეკლარაცია სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოებზეც ახდენს ზეგავლენას. სედის თქმით, „ჩვენ რევოლუცია იმისთვის არ მოგვიწყია, რომ ერთი დიქტატორი მეორეთი ჩაგვენაცვლებინა.”
თაჰრირის მოედანზე, რომელიც ყოფილი მთავრობის წინააღმდეგ წამოწყებული ამბოხის ეპიცენტრია, დემონსტრანტები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოვიდნენ.
აჰმენ აბდელაზიზი, ექიმი ალექსანდრიიდან, ამბობს, რომ პრეზიდენტმა ხალხის ნებას უნდა მოუსმინოს.
„სასამართლოს როლის კუთხით ბუნდოვანი ვითარების არსებობის პირობებში - ბრძანებულების სამართლებრივი გამოწვევები დეკემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი, თუმცა, გაურკვეველია, თუ რამდენად დაემორჩილება პრეზიდენტი მორსი მიღებულ გადაწყვეტილებას - დემონსტრანტები აცხადებენ, რომ საპროტექსტო აქციები ერთადერთი საშუალებაა მისი ძალაუფლების გაკონტროლებისა.”
დღის განმავლობაში მოედანზე ხალხის მომრ ავლებასთან ერთად დაძაბულობამაც იმატა. ახლო-მახლო ქუჩებში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი.
თუმცა, დედაქალაქში სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც მუსლიმთა საძმოსა და სხვა ისლამისტთა მიერ სამშაბათს დაგეგმილი საპასუხო დემონსტრაცია გაუქმდა, რაც თავისთავად ქმნიდა დამატებითი შეტაკებების საფრთხეს.
ამ გადაწყვეტილების და პრეზიდენტ მორსის მიერ სასამართლოსათვის ორშაბათს მიცემული პირობის ფონზე, ზოგიერთმა დემონსტრანტმა აქცია იმ იდეით დატოვა, რომ ახალი კონსტიტუციისა და პარლამენტის მიღებით, რომელიც შემდგომი სასამართლო ინტერვენციისაგან იქნება დაცული, მორსი მხოლოდ ქვეყნის განვითარებას ცდილობს.
ქალაქის გარეუბანში მყოფი იაჰია აბდელმუტალები პრეზიდენტის ქმედებების მიმართ ლოიალურია.
„რეალურად, ის ამ კანონს ორი თვით იღებს - იმ დრომდე, სანამ ახალი პარლამენტი გვეყოლება - ანუ მხოლოდ შეზღუდული დროით. თუმცა, ზოგს ეს არ ესმის. ისინი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ამ კანონს სამუდამოდ, ან ოთხი წლით იღებს.”
მოედანზე შეკრებილი ხალხისათვის კი ეს ორი თვეც ბევრია.