რეაქცია ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებზე

პრეზიდენტმა ობამამ კატეგორიულად დაგმო ეგვიპტის მთავრობის გადაწყვეტილება
ეგვიპტეში გუშინ განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, დასავლეთის ტონი შეიცვალა. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომელიც აქამდე ლოიალურად ეკიდებოდა დემოკრატიის აღდგენის მცდელობას ეგვიპტეში, ახლა უკვე მკაცრ განცხადებას აკეთებს.

პრეზიდენტმა ობამამ ერთი საათის წინ გაკეთებულ განცხადებაში კატეგორიულად დაგმო ეგვიპტის მთავრობის გადაწყვეტილება და ღრმა შეშფოთება გამოხატა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო. მან ვრცელი შესავალი გააკეთა, რომელშიც ეგვიპტესთან შეერთებული შტატების ტრადიციულ პარტნიორულ ურთიერთობაზე და ახლო აღმოსავლეთში ეგვიპტის სამშვიდობო როლზე ისაუბრა. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ სირთულის და კომპლექსურობის მიუხედავად, არ ეთანხმება იმ „სახიფათო“ ნაბიჯებს, რომელიც ეგვიპტის მთავრობამ გადადგა. და ამაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი გულისხმობს „თვითნებურ დაპატიმრებებს, პრეზიდენტ მორსის მხარდამჭერების მასშტაბურ დევნას და ახლა უკვე ძალადობას, რომელმაც ასობით ადამიანის დაღუპვა და ათასობით ეგიპტელის დაშავება გამოიწვია“.
სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერიც ასევე მკაცრად გმობს ქვეყანაში მომხდარი ძალადობის და სისხლისღვრის პრეცედენტს და მას „ეგვიპტის გაერთიანების გზაზე და ეგვიპტელი ხალხის დემოკრატიისკენ იმედიანი სწრაფვის საწინააღმდეგო ქმედებას“ უწოდებს.

გაეროს გენერალური მდივნის სპიკერის განცხადებით, ბან კი მუნი წუხს იმის გამო, რომ ეგვიპტის მმართველებმა გადაწყვეტილება ძალის გამოყენების შესახებ მიიღეს. “ნებისმიერი მხრიდან წამოსული ძალადობა არ არის ის გზა, რომელიც გამოსავალს გვაპოვნინებს და ამიტომ ორივე მხარეს დაბეჯითებით მოვუწოდებთ თავი მაქსიმალურად შეიკავონ“ - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გაკეთებულ ანალოგიურ განცხადებაში. თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გული აცხადებს, რომ ეგვიპტის არმიის მხრიდან შეუიარაღებელ დემონსტრანტებზე მიტანილი იერიში სრულიად „მიუღებელი“ ნაბიჯია.