ამერიკელი ეგვიპტელები მუბარაქის გადადგომას ითხოვენ

ამერიკელი ეგვიპტელები მუბარაქის გადადგომას ითხოვენ

პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ ეგვიპტეში დაწყებულ დემონსტრაციებს ნიუ იორკის მოსახლეობაც შეუერთდა, სადაც ასობით ათასი ეგვიპტელი ემიგრანტი ცხოვრობს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ადამ ფილიპსი ‘ასტორია ქვინის’ მეჩეთიდან შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის:

პარასკევის შუა დღის ლოცვის შემდეგ მეჩეთის წინ ასობით ადამიანი შეიკრიბა ეგვიპტეში გამართული დემონსტრაციების მონაწილეებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით. როგორც ქაიროსა და ეგვიპტის სხვა ქალაქებში, ნიუ იორკში შეკრებილი ხალხიც პრეზიდენტი მუბარაქის გადადგომას ითხოვდა. მუბარაქმა კი ეგვიპტის არმიას ხელისუფლების დაცვა და დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება უბრძანა.

მუბარაქი დაახლოებით 30 წელია ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ მეჩეთთან შეკრებილი მომიტინგეები ერთსულოვნად უჭერდნენ მხარს მუბარაქის გადადგომას, ის ცხადად ჩანდა, უთანხმოება მუბარაქის შემცვლელ კანდიდატზე დიდი იყო. ცალკეულ შემთხვევებში, განსხვავებული შეხედულებები ფიზიკური დაპირისპირების მიზეზიც ხდებოდა, რომელშიც შემდეგ პოლიციაც ერეოდა.

მიტინგის ერთ-ერთ მონაწილეს ეგვიპტეში დასავლური სტილის დემოკრატიის დამყარება სურს:

„ეს რევოლუციაა. ჩვენ ეგვიპტეში დემოკრატია გვჭირდება. ახლო აღმოსავლეთში დემოკრატია არ არსებობს. ხალხს სამსახური არ აქვს, საჭმელი არ აქვს. ამასთან ერთად, მათ თავისუფლებაც არ აქვთ. დიქტატორი უნდა განიდევნოს და ხალხს ნორმალური ცხოვრების საშუალება უნდა მიეცეს.“

ნაბილას კი, რომელიც მუსლიმანი ქალბატონია, ეგვიპტეში ისლამური მმართველობის დამყარება სურს. მისი თქმით:

„თუ მუსლიმანები ძალაუფლებას მოიპოვებენ და იმას გააკეთებენ, რასაც ყურანი ქადაგებს, ეგვიპტე არა მხოლოდ არაბულ სამყაროში, არამედ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა იქნება. რომ ავიღოთ ფრანგული ან ამერიკული კანონები, მათი ეგვიპტეში დანერგვა ყველასათვის კარგი არ იქნება. თუმცა ისლამის წესებს რომ მივყვეთ, სიტუაცია უკეთესობისკენ მალე შეიცვლება.“

მეჩეთთან ახლოს მდებარე საცხობში ეგვიპტელი ცოლ-ქმარი მუშაობს, რომლებსაც მუბარაქის შემცვლელ კანდიდატზე ამ ეტაპზე აზრი ჩამოყალიბებული არ აქვთ. თუმცა, იმას აცხადებენ, რომ მთავარია მუბარაქი და მისი ვაჟი - რომელსაც უკვე რამდენიმე წელია პრეზიდენტობისთვის ამზადებენ - ხელისუფლებიდან წავიდნენ.

„ის უნდა წავიდეს და მორჩა. ეს მისთვის [მუბარქისთვის] საუკეთესო დროა ხელისუფლების დასატოვებლად. ხალხი უკვე 30 წელია იტანჯება. ქვეყანაში არ არის სამსახურები, ხალხს მომავლის იმედი აქვს დაკარგული და ეს ყველაფერი მუბარქის, მისი ჯგუფისა და მისი ოჯახის ბრალია. ქვეყანაში 40-50 ადამიანს აქვს ძალაუფლება და სიმდიდრე. დანარჩენებს კი არაფერი გვაქვს. ესაა სამართალი?“

მისი მეუღლე კი აცხადებს:

„ჩვენ მდიდრების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. თუ ბევრს მუშაობ და თავს არ ზოგავ ფული გექნება და ეს ფული შენ გეკუთვნის. მაგრამ ცუდია, როცა ბევრი ფული მხოლოდ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის გაქვს და სხვას არაფერში ადგები.“

ხალხის ნაწილი კი ეგვიპტეში დარჩენილი ოჯახის წევრებისა და მეგობრების უსაფრთხოებაზე ფიქრობს. ეგვიპტეში ამჟამად მობილური კომუნიკაციები და ინტერნეტი გათიშულია.

ჩვენ არ ვიცით რა ხდება ქვეყანაში. პოლიცია ეგვიპტეში საკმაოდ დაუნდობელია. ჩვენ გვინდა, რომ თითოეულ ადამიანს მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება და თითოეულ მათგანს პოლიცია ღირსების შელახვის გარეშე მოექცეს. ვფიქრობ, ახლა ცვლილებებისთვის კარგი დროა.

ჯერ არავინ იცის როგორ განვითარდება და დასრულდება ეგვიპტეში დაწყებული დემონსტრაციები. ნიუ იორკში შეკრებილი ეგვიპტელი-ამერიკელები ფიქრობენ, რომ ეგვიპტეში მთავრობის შეცვლის დრო მოვიდა და რომ ახლანდელი მოძრაობა ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროტესტია.