სამი ტრადიციული რელიგიის, ანუ აბრაამის რწმენის მიმდევრებს განსხვავებული მიდგომა გააჩნიათ წმინდა წერილების ხმარებიდან ამოღების წესების მიმართ.
ისლამურ რელიგიაში, თუ ყურანის ტექსტში რაიმე შეცდომა გაიპარა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მისი ქსოვილის ნაჭერში გახვევა და მიწაში დამარხვა. გარდა ამისა დასაშვებია ამგვარი ეგზემპლარის ტექსტის წყლით ჩამორეცხვა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ყურანის ხელის ხლება დაუშვებელია.
ამგვარ შემთხვევაში იუდეველები თორას ტექსტებს სპეციალურ საცავებში ინახავენ, ან მიწაში მარხავენ კათოლიკების მსგავსად. რაც შეეხება პროტესტანტებს, მათ არანაირი წესები არა აქვთ ამასთან დაკავშირებით.
იმ რელიგიებს, რომლებიც წმინდა წერილებზე დაყრდნობთ აგებენ თავიანთ სწავლებას, ერთი საერთო წესი გააჩნიათ. მათი მიმდევრები წმინდა წერილის ამბორით გამოხატავენ თავიანთ პატივისცემას და არასოდეს მოაქცევენ მას სხვა წიგნების ქვეშ.
ამას წინათ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ყურანის ეგზემპლარების დაწვის ფაქტმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.
ვაშინგტონის მახლობლად მდებარე დალასის მუსლიმთა საზოგადოების თავკაცი რიზვან ჯაკა დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს შეერთებული შტატების ხელისუფლების განმარტებას, რომ ყურანის დაწვა წინასწარგანზრახვით არ მომხდარა. მისი თქმით, თავად ყურანშია ნათქვამი, რომ ბოროტება სიკეთით უნდა დავძლიოთ.
ჩრდილოეთ ამერიკის ისლამური საზოგადოების წარმომადგენლის სარა ტომპსონის განცხადებით ამგვარი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი ყურანის ახალი ეგზემპლარების მიწოდება და ამერიკელებისთვის ამ წიგნის პატივისცემის სწავლება იქნებოდა.
მისი თქმით, ყურანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ამოიღონ ხმარებიდან, თუ ის დაზიანებულია, ან არაბული ენიდან არასწორად არის თარგმნილი სხვა ენაზე. სრულიად დაუშვებელია ყურანის განადგურება წიგნის დაძველების საბაბით.
ამ შემთხვევაში მუსლიმანი სწავლულების განმარტებით ყურანი ქსოვილის ნაჭერში უნდა გაახვიონ და მიწაში დამარხონ, ან წყლით ჩამორეცხონ.
ზოგიერთი სწავლული დაძველებული ყურანის დაწვასაც დასაშვებად მიიჩნევს, თუ ეს სრული პატივისცემის დაცვით მეჩეთში მოხდება.
ზოგიერთ ებრაულ სასაფლაოზე სპეციალური სამარხები არსებობს თორას ტექსტების შესანახად, რადგან უფლის სახელის შემცველი წერილის მხოლოდ ამგვარად დაფვლაა ნებადართული. ამას გარდა იუდეველები ამგვარ წიგნებს სპეციალურ ოთახშიც ინახავენ, რომელსაც გენიზა ჰქვია. 1896 წელს ქაიროში ერთ-ერთი ამგვარი საცავი აღმოაჩინეს, რომელშიც თორას ათასობით მანუსკრიპტი იყო შენახული იუდაიზმის სხვა დოკუმენტებთან ერთად.
როგორც კონსერვატორი იუდეველების გაერთიანებული სინაგოგების წინამძღვარი რაბი პოლ დრაზენი ამბობს იუდეველთათვის მიუღებელია და განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა გააჩნია წმინდა წერილების დაწვას, რადგან ეს მათ ჰოლოკოსტის საშინელებებს ახსენებთ.
ისლამის და იუდაიზმის მიმდევრები დიდი პატივით ეპყრობიან წმინდა წერილებს. მუსლიმები წყლით განწმენდის რიტუალს ასრულებენ ყურანის კითხვის წინ. იუდეველები კი მხოლოდ სპეციალური ვერცხლის სანიშნით კითხულობენ თორას.
პროტესტანტებისთვის მთავარია ღვთის სიტყვის მნიშვნელობის გაგება და არა რომელიმე კონკრეტული წიგნის ბედ-იღბალი. როგორც ბაპტისტი თეოლოგი გრეგ უილისი ამბობს:“ მელანი და ქაღალდი გაქრება, მაგრამ უფლის სიტყვა საუკუნოდ დარჩება.“