რუსული ძალა და ქართული უძლურება

რუსი მესაზღვრეების ქმედებების თაობაზე საკუთარი მოსაზრება დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც გააჟღერა

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო


რუსი მესაზღვრეები საზღვრის გადმოწევისა და დემარკაციის შესახებ ბრძანების შესრულებას დიცსა და დვანში კვლავ განაგრძობენ.

ამ დროისთვის დვანელები მობილიზებულები არიან სამი თანასოფლელის დასახმარებლად, რომლებიც დვანში, სოფლის განაპირას საკუთარ სახლებს ხელით შლიან და სოფლის შედარებით უსაფრთხო ნაწილში გადააქვთ მასალა მეორადი გამოყენების შესაძლებლობისთვის.

მეკარიშვილების, კორაშვილებისა და მახაჭაშვილების ოჯახებს სახლების დანგრევასა და ეზოსა და ხეივნის დემონტაჟში დვანელები ეხმარებიან. სოფელში ყველა შეშფოთებულია გაურკვეველი მომავლის გამო.

ერთერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დვანელები ქარელში, გამგებელთან ჩავიდნენ რჩევის საკითხად. აინტერესებდათ გაეგოთ, რა იქნებოდა უკეთესი, ის რომ სახლები დაეშალათ, თუ რუსების მუქარისთვის ყური არ ეგდოთ. გამგეობაში მათ ვერაფერი ურჩიეს, რადგან არც ხელისუფლებას აქვს პასუხი, როგორ უნდა მოიქცე მაშინ, როდესაც საკუთარი სახლის დატოვების ულტიმატუმს გიყენებენ.

ზაალ ახალკაცის სახლი დვანში მავთულხლართების პირისპირაა. მისმა ოჯახმა არ იცის, ორი დღის შემდეგ უნდა ელოდეს თუ არა ანალოგიურ მოთხოვნას რუსი მესაზღვრეებისგან, რაც მათმა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინმიიღეს. ზაალი დღეს მეზობლებს სახლების დაშლაში ეხმარება. მზია ზურაბიშვილი, მისი მეუღლე ჩვენთან საუბრისას ამბობს:

„საზღვრის იქით, ოსური სოფელი, მუგუთი რომაა, იქიდან დაიძახა ერთმა ოსმა კაცმა, საზღვარი უნდა გადაწიონ და თუ რამე გაქვთ სახლში, გაიტანეთო. კი, ოსმა შეატყობინა, რადგან იქვე ახლოს ცხოვრობს და ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმ ოჯახთან. მთელი სოფელი ეხმარება ამ სამ ოჯახს სახლის დაშლაში. რკინები რაც გამოზიდა, ზოგი ჩვენთან დააწყო, ზოგი ბაღის ღობეს მიაყუდა. მერე სადმე წაიღებს ალბათ. ერთი ოჯახი ცხრასულიანია, მეორე ექვსი და მესამე ხუთსულიანი, ვისაც ახლა სახლების დატოვა უწევს. ყველას ძალიან ეშინია. წეღან, ჟურნალისტები იყვნენ და ჩვენ ვეკითხებოდით, ნეტა რა მოგველისო და ერთ-ერთმა გვითხრა, თქვენც ხომ არ უნდა დაცალოთ სახლიო. მე ვუთხარი, რომ ჩვენც თუ დავცალეთ, მაშინ დვანიც დაიცლება და დვანის იქითაც გადავლენ,“- ამბობს მზია ზურაბიშვილი.

დღეს, გაეროს სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ძირითადი თემა ოკუპაცია და რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები იყო.

„რუსეთის ფედერაცია არაა დაინტერესებული გარშემო სტაბილური ქვეყნები ჰყავდეს. მეზობელ ქვეყნებში მუდმივი უწესრიგობა და ქაოსია. ეს ისაა, რისკენაც კრემლი ისწრაფვის. ის ეწინააღმდეგება ძლიერი მთავრობის იდეას საქართველოში, უკრაინასა თუ მოლდოვაში. თქვენ ფიქრობთ, რომ კრემლი დათანხმდება, ისაუბროს ჩვენი რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დეოკუპაციაზე მაშინ, როდესაც თბილისში მთავრობა შეიცვალა? სულაც არა. რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მიწების ანექსია გრძელდება. გუშინ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები კვლავ გამოყარეს სახლებიდან. ანგრევენ მათ სახლებსა და სოფლებს. სრული განუკითხაობაა. ბოლო კვირებსა და თვეებში საქართველოს მთავრობის მეგობრული განცხადებების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ძალა კვლავ წინ მიიწევს. მე აქ მოვედი ქართველი ხალხის სახელით, რათა თქვენ, საერთაშორისო საზოგადოებას გთხოვოთ მკაცრი რეაგირება ამ აგრესიაზე და დაგვეხმაროთ დავასრულოთ რუსების მიერ ჩვენი მიწების ანექსია“,- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას.

რუსი მესაზღვრეების ქმედებების თაობაზე საკუთარი მოსაზრება დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც გააჟღერა. მისი თქმით, რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მკაფიო პოლიტიკა გვაქვს. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ პატივისცემას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის. ჩვენ მივყვებით არაღიარების პოლიტიკას, როდესაც საქმე ეხება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს და ჩვენ მოვითხოვთ რუსეთისგან შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. ეს ნაბიჯები კი აშკარად ეწინააღმდეგება მათ საერთაშორისო ვალდებულებებს“,- ამბობს ანდერს ფოგ რასმუსენი.

გაეროს სესიაზე სააკაშვილის გამოსვლის წინ რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ დარბაზი დატოვა.