უკრაინული დრონები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში

დრონების გამოცდა. უკრაინა, 1 თებერვალი, 2023 წ.

კრემლი აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მათ უკრაინული დრონები ჩამოაგდეს. მოსკოვის თქმით, ერთ-ერთი მათგანი საზღვრიდან 100 კილომეტრის დაცილებით იმყოფებოდა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საზღვრების დაცვის გაძლიერების განკარგულება გამოსცა.

რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით, უკრაინული დრონების გამო არავინ დაშავებულა. თუმცა ანალიტიკოსების აზრით, 28 თებერვალს გამთენიისას და წინა ღამით მიტანილი იერიშები რუსეთის თავდაცვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

უკრაინას, როგორც აქამდე მომხდარ მსგავს ფაქტებზე, ამ შემთხვევაშიც უშუალო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია. მაგრამ, კიევმა ისიც ხაზგასმით თქვა, რომ მას რუსეთის ნებისმიერ ობიექტზე იერიშის მიტანის უფლება აქვს.

ასევე ნახეთ: "ეფ-ეს-ბე" ამბობს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების გამო 8 ადამიანი დააკავეს

დრონები რუსეთის სამხრეთში და დასავლეთში შენიშნეს. რუსეთის ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენელთა ცნობით, უპილოტო მფრინავი ობიექტები უკრაინის საზღვრის მახლობლად და ქვეყნის სიღრმეშიც იმყოფებოდნენ. რუსეთმა გარკვეული ხნით სანკტ-პეტერბურგის თავზე საჰაერო სივრცეც დახურა, რადგან იქაც დრონის იერიშზე მიიტანეს ეჭვი.

ერთ-ერთი დრონი რუსეთის სოფელ გუბასტოვოში ჩამოვარდა, რომელიც მოსკოვიდან 100 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზეა - ამბობს ანდრეი ვორობიოვი, მოსკოვის რაიონის გუბერნატორი. მისი თქმით, დრონს არაფერი დაუზიანებია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მისი სამიზნე "სამოქალაქო ინსფრასტრუქტურის ობიექტი" ყოფილიყო.

ონლაინ გავრცელებული ფოტოების მიხედვით, დრონები უკრაინაშია დამზადებული. მათი ფრენის რადიუსი 800 კილომეტრს არ აღემატება. ამ ტიპის დრონებს დიდი ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობის გადატანის შესაძლებლობა არ აქვთ.

ორშაბათს 3 დრონი შენიშნეს ბელგოროდის რეგიონშიც. გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ამ დრონებმა საცხოვრებელ შენობასა და მანქანებს უმნიშვნელო ზიანი მიაყენეს. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი დრონი ბრიანსკის რაიონში სამშაბათს ჩამოაგდო. ინფორმაციას გუბერნატორი ალექსანდრე ბოგომაზი "ტელეგრამზე" ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელებს დრონებით იერიშის მიტანა კრასნოდარის რაიონშიც სურდათ. სამინისტროს განცხადებით, მათ დრონები მალევე ჩამოაგდეს, ვიდრე ისინი სამოქალაქო ობიექტებზე იერიშს მიიტანდნენ. რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" განცხადებით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი დრონის მიერ მიტანილმა იერიშმა ნავთობსაწარმოში ხანძარი გამოიწვია.

რუსი მიმომხილველების აზრით, უკრაინას სურს ამით აჩვენოს რუსეთს, რომ მას შეუძლია იერიშების მიტანა რუსეთის სიღრმეში, ფრონტის ხაზის მიღმა. ზოგი რუსი ბლოგერი იმასაც ამბობს, რომ დრონების აღნიშნული რეიდები შესაძლოა, უფრო მასშტაბური იერიშის რეპეტიცია იყოს.