"ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, ექიმი ენტონი ფაუჩი დეკემბერში ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის პოსტს ტოვებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოცდილი სპეციალისტი ამერიკის ორივე პარტიის წარმომადგენელი 7 პრეზიდენტის მრჩეველი იყო და ნახევარ საუკუნეზე მეტია ფედერალურ მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობს.
ამჟამად ფაუჩი მედიცინის საკითხებში თეთრი სახლის უფროსი მრჩეველიც არის. მის მიერ კვირას საღამოს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის ცხოვრების "ახალი ქვეთავის" დაწყებას გეგმავს.
ასევე ნახეთ: პანდემიის ფაზამ გადაიარა, მაგრამ კოვიდ-19 ჯერ ისევ აქაა - ფაუჩი81 წლის ინფექციონისტი ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტს 38 წლის განმავლობაში უძღვებოდა. პენსიაზე გასვლის სურვილის თაობაზე მან აქამდეც არაერთხელ მიანიშნა. კვირას საღამოს კი თქვა, რომ ეს არ იქნება "პენსიაზე გასვლა კლასიკური გაგებით", თუმცა აპირებს წერას, ბევრ მოგზაურობას და შეეცდება ახალგაზრდები შთააგონოს, რომ ცხოვრება საჯარო სამსახურს მიუძღვნან.
დღეს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ექიმ ფაუჩის, რომელიც ბევრ სხვა დამსახურებასთან ერთად, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს თეთრი სახლის ერთ-ერთი წამყვანი მრჩეველი იყო. ბაიდენმა ფაუჩის "თავდადებული საჯარო მოხელე" და "სიბრძნით სავსე მტკიცე ხელი" უწოდა.
ამერიკის 46-ე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "ექიმი ფაუჩის დიდმა წვლილმა, რომელიც მან საზოგადოებრივ ჯანდაცვაში შეიტანა, შეერთებულ შტატებში და მთელ მსოფლიოში არაერთი სიცოცხლე იხსნა". ფაუჩიმ და ბაიდენმა ზიკა ვირუსის აფეთქების დროსაც ერთად იმუშავეს, მაშინ, როცა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში, ბაიდენი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყო.