ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "თალიბანის" მებრძოლების მიერ მოწყობილმა თავდასხმებმა ქვეყნის ჩრდილოეთში სამთავრობო ძალების სულ მცირე 28 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გასული კვირის განმავლობაში ავღანეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში "თალიბანმა" არაერთი თავდასხმა განახორციელა, რასაც სულ 100-მეტი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი და ბევრად მეტის დაშავება მოჰყვა შედეგად.
"თალიბანის" წარმომადგენლები გასული ღამის თავდასხმის შედეგად მოკლულთა რაოდენობად 50-ს ასახელებენ, თუმცა ისინი თავდასხმის შედეგებს ხშირად აზვიადებენ. ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო კი თავის მხრივ აცხადებს, რომ საჰაერო თუ სახმელეთო ოპერაციების შედეგად მოკლულია "თალიბანის" ათეულობით მებრძოლი.