პირდაპირი დიალოგით ცხინვალის და სოხუმის დე ფაქტო ლეგიტიმაციის საფრთხე შეიქმნება

21 მარტს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საეჭვო გარემოებებში მისი გარდაცვალებიდან 26 დღის შემდეგ გადასცა. წინასწარი მონაცემებით, ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით, წამების კვალზე მიუთითებს. ექსპერტიზის საბოლოო პასუხები ერთ თვეში გამოქვეყნდება.

არჩილ ტატუნაშვილი

ტატუნაშვილის სიკვდილი და მისი ცხედრით თითქმის ერთ-თვიანი დიპლომატიური ვაჭრობა რუსეთის და ოკუპირებული ცხინვალის მხრიდან კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ რამდენად არაკონსტრუქციულია მათი დამოკიდებულება კონფლიქტის მშვიდობინი გზით მოგვარების პროცესის მიმართ.

ამ ტრაგიკული შემთხვევის დასასრული, ერთი შეხედვით, განსხვავდება სხვა მსგავსი ძალადობრივი ქმედებებისგან. მაგალითად, 2016 წლის 19 მაისს, ეგრეთ წოდებული აფხაზი მესაზღვრე გიგა ოთხოზორიას საოკუპაციო ხაზზე გადმოჰყვა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ დაჭრა და შემდეგ თავში საკონტროლო გასროლით მოკლა. საქართველოს მთავრობის არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ, ოთხოზორიას მკვლელი დღემდე დაუსჯელია და არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის მხარე ამ მკვლელობის გამოძიების დამთავრებას გეგმავს.

ტატუნაშვილის ოჯახს მასთან გამოშვიდობების და მისი დაკრძალვის საშუალება მიეცა და ამ შემზარავი დანაშაულის ერთი ეტაპი ამით დამთავრდა.

მიმაჩნია რა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აფხაზებთან და ოსებთან კონტაქტის ქონა, ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები მხარე მხოლოდ მოსკოვია. არ უნდა შევქმნათ ის მოჩვენებითი განცდა, რომ ეს რეალობა არ არის.
დეიმონ უილსონი

ამ ყველაფრის შემდეგ, ისმის კითხვა, თუ რატომ გადაწყვიტა რუსეთმა საქართველოსთვის ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება და რატომ გადადგა ეს ნაბიჯი სწორედ ახლა?

შესაძლოა მოვლენების ასეთი განვითარება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და რუსეთის საგარეო უწყებას შორის, ცოტა ხნის წინ წარმოებულ საჯარო კომუნიკაციას უკავშირდებოდეს. კერძოდ კი, რუსეთის ფედერაცია მარტის ბოლოს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკების წინ საქართველოს მიმართ შემხვედრ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ თბილისს შემდეგ იგივეს გაკეთება მოსთხოვოს.

9 მარტს, რუსეთისთვის გაგზავნილ ღია წერილში, რომლის მორიდებული მიზანიც ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის დაბრუნება იყო, პრემიერმა თქვა, რომ მისი მთავრობა მზადაა “პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა.” ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის მკაფიოდ მოთხოვნის ნაცვლად კი პრემიერმა რუსეთის მთავრობას “დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით” “ერთობლივი ნაბიჯების” გადადგმისკენ მოუწოდა.

პრემიერის წერილს რუსეთის საგარო უწყების ვებგვერდზე მინიშნებებით სავსე განცხადება მოჰყვა. სამინისტრო კმაყოფილებით მიესალმა პრემიერის განწყობას “ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების” მიმართულებით და დასძინა, რომ “შეუძლებელია ასევე არ მივესალმოთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ დეკლარირებულ სწრაფვას.”

არ შეიძლება გამოვრიცხოთ ის, რომ რუსეთი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრით ვაჭრობას ახლაც აგრძელებს. იქნება თუ არა ეს ცხინვალთან და სოხუმთან თბილისის პირდაპირი დიალოგის “ხელშეწყობა,” ამას დრო გვაჩვენებს.

ოფიციალური კონტაქტის რისკი - რა თქმა უნდა - აღიარების მინიშნებაა. ანუ საქართევლოს მთავრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობებს თასწორუფლებიან მოთამაშეებად სცნოს. ეს კი საქართველოსთვის მიუღებელია.
კენეტ იალოვიცი

მანამდე კი, საქართველო საკუთარ თავს შესაძლოა რისკს უქმნიდეს და უნებლიედ გააკეთოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობების​ დე ფაქტო ლეგიტიმაცია.

“საქართველო დელიკატური პრობლემის წინაშე დგას. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობები არალეგიტიმური ფორმირებებია. როგორც წესი, ლეგიტიმური ერთეულის მხრიდან არალეგიტიმურ ფორმირებებთან შეხვედრა არალეგიტიმურ მხარეს მხოლოდ აძლიერებს,” უთხრა “ამერიკის ხმას” აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტმა. მას მიაჩნია, რომ საქართველო დიდ რისკზე მიდის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებისთვის კონფლიქტის სრულუფლებიანი მონაწილეების სტატუსის მინიჭებით. “ამისთვის მთავრობას ძალიან კარგი მიზეზი უნდა ჰქონდეს,” თქვა ჰერბსტმა.

საქართველოს მთავრობის მხრიდან საჯარო განცხადებები არ გაკეთებულა იმაზე, თუ რა არის აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მიზანი. ნდობის ჩამოსაყალიბებელი ძლიერი მექანიზმების შექმნის გარეშე, შესაძლოა, მიამიტური იყოს იმაზე ფიქრი, რომ მხოლოდ პირდაპირი დიალოგით თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობები გაუუმჯობესდება.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ პირდაპირი დიალოგის დაწყების ნაცვლად თბილისმა ოკუპირებულ რეგიონებთან “ხალხთაშორისი არაოფიციალური” ურთეირთობა უნდა გააღრმაოს. “აფხაზები და ოსები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ, განათლების მისაღებად. საქართველომ ევროკავშრთან უვიზო მიმოსვლის და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზოგიერთი შეღავათის გავრცელება ოკუპირებულ რეგიონებზეც უნდა გაავრცელოს. ჩემი აზეით, ეს შესაძლებელია,” უთხრა იალოვიცმა “ამერიკის ხმას.”

მისი აზრით, “ოფიციალური კონტაქტის რისკი - რა თქმა უნდა - აღიარების მინიშნებაა. ანუ საქართველოს მთავრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობებს თასწორუფლებიან მოთამაშეებად სცნოს. ეს კი საქართველოსთვის მიუღებელია.” სწორედ ამის გამო, იალოვიცს მიაჩნია, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან თბილისმა მხოლოდ არაოფიციალური კავშირების და ურთიერთობების გაძლიერებით უნდა შეძლოს ნდობის გაღრმავება.

რუსეთის ფედერაცია, კონფლიქტების მოგვარების მიზნით, თითქმის გამონაკლისის გარეშე, რაღაცა სახის უშედეგო დიპლომატიურ პროცესს ქმნის. ამის მაგალითებია საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, სირიის თუ სხვა კონფლიქტების “სამშვიდობო პროცესები,” რომლებიც დღემდე კონფლიქტების მხოლოდ გაგრძელებას უწყობს ხელს.

ჟენევის პროცესის შექმნის ერთ-ერთი მიზანი რუსეთისთვის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულების იძულება იყო. რუსეთი დღემდე არღვევს ეგრეთწოდებული “სარკოზის ექვს პუნქტიანი” შეთანხმების თითქმის ყველა პირობას.

“თავიდანვე გასაგები იყო, რომ რუსებს მხოლოდ ის სურდათ, რომ შეენარჩუნებინათ პროცესი, რომელიც არაფერს მოიტანდა,” უთხრა "ამერიკის ხმას" ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა.

“მიმაჩნია რა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აფხაზებთან და ოსებთან კონტაქტის ქონა, ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები მხარე მხოლოდ მოსკოვია. არ უნდა შევქმნათ ის მოჩვენებითი განცდა, რომ ეს რეალობა არ არის. მოსკოვშია მარიონეტების ის მმართველი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და რეგიონში არსებული გაყინული კონფლიქრების მანიპულირებას აგრძელებს,” დასძინა უილსონმა.

ტატუნაშვილის ცხედრის რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში დაბრუნება ერთის მხრივ შეშფოთების მიზეზს აჩენს იმ მხრივ, რომ მოსკოვმა ეს ნაბიჯი შესაძლოა ზეწოლისა და მანიპულირების მიზნით გამოიყენოს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც თავის მხრივ კონფლიქტების მოგვარების მიზნით, თითქმის ყველაფრისთვის მზადაა.

მეორეს მხრივ კი, იმედისმომცემია ასევე 21 მარტს მომხდარი, კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს პოზიციას მკაფიოდ აფიქსირებს.

საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიმართ უპრეცედენტოდ მკაცრი რეზოლუცია მიიღო. კანონმდებლებმა 106 ხმით რეზოლუცია დაამტკიცეს „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ.“ რეზოლუციაში პარლამენტი მთვარობას 2018 წლის 15 ივნისამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის (ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია) შედგენას და პარლამენტისთვის წარდგენას სთხოვს.