საქართველოში 23 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში განხორციელებულ სპეცოპერაციასა და ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა. ის პოლონეთის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პარტიის გენერალური მდივანია.
„მთავარი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისის შტურმით აღება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია. პოლიტიკური კრიზისი საქართველოში არ შეიძლება გადაწყდეს ძალით, აგრესიითა და შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ამ ღამის მოვლენები კოშმარი იყო. ჩვენ, ყველა, სხვა რამეზე ვოცნებობთ“
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, რომელიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების არაერთ რაუნდში იყო ჩართული ამერიკის ელჩთან ერთად, დაწერა, რომ პასუხისმგებლობა ახლა ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს:
"ესკალაციის ლოგიკა ძლიერდება, პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესები გულწრფელად წინ დააყენოს. საერთო ენის გამონახვის ძალისხმევა მიტოვებული არ უნდა იყოს", - წერს ელჩი.
მოვლენებს ეხმაურება საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩი ჰელენ სანდ ანდრესენიც.
"ოპოზიციის ლიდერის ძალადობრივი დაკავება არის არამისასალმებელი ესკალაცია. მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ ეძებონ სიტუაციის დამშვიდებისა და პოლიტიკურ დიალოგთან დაბრუნების გზები. საქართველოს ახლა სჭირდება, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ეროვნული ინტერესი დააყენოს წინ და დემოკრატიულ გზაზე დარჩეს.
ლინას ლინკევიჩიუსი, ლიეტუვას თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი საქართველოს მიღწევებზე საუბრობს და ამბობს, რომ განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია.
"საქართველოში არსებული დაძაბულობის გამო შეშფოთებული ვარ. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს, მოწინავეები არიან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების შესრულებით, და ნატოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორობით. უპასუხისმგებლობა იქნება ამ ყველაფრის გაფლანგვა. ყველა ლიდერმა თავშეკავება უნდა გამოიჩინოს და პირველ ყოვლისა სახელმწიფოს ინტერესებით იხელმძღვანელოს", - ამბობს ლიკევიჩიუსი.
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი კი წერს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ძლიერ შემაშფოთებელია.
"რაც საქართველოში დღეს მოხდა, ძალიან შემაშფოთებელია. პირველი, ვინც ზარალდება, ქართველი ხალხია. მოვუწოდებ თავშეკავებისკენ და იმისკენ, რომ საქართველო უკან არ წავიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას იცავს საქართველოში.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ენ ლინდეც მხარეებს დე-ესკალაციისკენ მოუწოდებს.
"ვუერთდები შეშფოთებას თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ვიმეორებ ჩემს მოწოდებებს ყველა მხარის მიმართ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს სიტუაციის დე-ესკალაცია, განახლდეს დიალოგი და იმოქმედონ ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად, რათა დაიცვან ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს".
"ტვიტერში" ამერიკის საელჩოს განცხადების გაზიარებით გამოეხმაურა მოვლენებს მაიკლ მაკფოლიც, ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში 2012-2014 წლებში და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი.
"ღრმად ვარ შეშფოთებული" - ამ შეფასებას არა უშავს, მაგრამ მხოლოდ დასაწყისისთვის. განსხვავებით რუსეთის, ჩინეთის თუ ბელარუსისგან, ამერიკის შეერთებულ შტატებს რეალური ბერკეტები აქვს საქართველოს მიმართ. ახლა არის მათი გამოყენების დრო, სანამ ძალიან გვიან არ იქნება", - წერს მაკფოლი, რომელიც თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წევრიც იყო.
"ნავალნის დაპატიმრება პირველი ტესტი იყო, მეორე - მიანმარი/ბირმა, მესამე კი - საქართველო. ბაიდენმა პირობა დადო, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად მეტს გააკეთებს. ახლა დროა, რომ ეს სიტყვები საქმით დამტკიცდეს. ბაიდენმა იცის საქართველო. მე იქ მასთან ერთად ვიყავი 2009 წელს. მას შეუძლია მოახდინოს გავლენა", - დასძენს მაკფოლი კიდევ ერთ კომენტარში.
ბენ ჰოჯესი ამერიკის არმიის ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენენტი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ 23 თებერვალს განვითარებული მოვლენები "ძალიან ცოტასთვის თუ იქნება სასარგებლო".
"თავდაჯერებულ ლიბერალურ დემოკრატიას ესმის და პატივს სცემს მრავალფეროვანი ოპოზიციის ღირებულება და სარგებელი. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის საკეთილდღეო იქნება საჯარო დისკუსია. მაგრამ მხოლოდ ცოტასთვის თუ იქნება სასარგებლო ის ქმედებები, რომლებიც დღეს საქართველოს მთავრობამ განახორციელა", - წერს გადამდგარი გენერალი.
ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარი და საქართველოს ნატოში გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერი ლუკ კოფი ამბობს, რომ პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
"სიტუაცია საქართველოში ძალიან სერიოზულია. პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება მთავრობის პასუხისმგებლობაა. ამის ნაცვლად კი აღმაშფოთებელი შტურმი მოხდა მთავარი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე და მისი ლიდერი დააპატიმრეს. ასეთი მოქმედება შეუფერებელია. მხოლოდ პუტინი იგებს. საჭიროა დამშვიდება. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი თვითმფრინავში უნდა ჩაჯდეს", - წერს ლუკ კოფი.
ამერიკელი დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ მთავრობა დემოკრატიულ გზაზე დააბრუნოს.
"საქართველოს მთავრობის მიერ საზღვრებს გადასვლა არის მისი ერთიანი ოპოზიციისთვის შანსი, რომ ნათელი გახადოს: ის პასუხისმგებელია და მზადაა რომ გააკეთოს მძიმე პოლიტიკური საქმე, რომელიც საჭიროა მთავრობის იძულებისთვის, დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე. ასეთ ძალისხმევას ამერიკისა და ევროკავშირის სრულად დამსახურებული მხარდაჭერა სჭირდება", - წერს ბრაიზა.