აგვისტოს ომი არ იყო მოულოდნელი თავდასხმა რუსეთისგან

2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, მაშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდაჭერისთვის დასავლეთს მიმართა. მაშინ საქართველომ ამერიკისგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო, ევროკავშირის დახმარებით კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელშიც საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, 1747 დაიჭრა.

რუსეთის მაშინდელ სამხედრო შეჭრას საქართველოში, „ამერიკის ხმასთან“ იხსენებენ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩები, იან კელი და უილიამ კორტნი. 2008 წელს ამერიკის ელჩი ნატოში, კურტ ვოლკერი კი დეტალურად გვიყვება, როგორი განწყობები იყო მაშინ ევროპაში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით.

იან კელი, რომელიც 2008 წელს სახელმწიფო დეპარატმენტში, რუსეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო ამბობს: „[რუსეთის] შემოჭრით შოკირებულები ვიყავით, მაგრამ არა გაოცებულები. რუსეთი აგრესიულად მას შემდეგ იქცეოდა, რაც ბუქარესტში ნატოს სამიტი ჩატარდა.“

ყოფილი ელჩი თვლის, რომ რუსეთი კვლავ აგრესიულადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, თუმცა საქართველომ არ უნდა შეწყვიტოს დასავლეთისკენ სვლა. „რუსეთი ისევ აგრესიულად იქცევა, თუმცა საქართველოს სწორი გზა აქვს არჩეული: არავითარი კომპრომისი, როდესაც საქმე ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ამერიკა კი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დასავლეთისკენ სავალ გზაზე,“ თქვა კელიმ.

2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე, 11 აგვისტოს კურტ ვოლკერი ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში ამერიკის ელჩის ამპლუაში პირველად ჩავიდა. სწორედ ის და მისი კოლეგები უნდა შეხვედროდნენ საქართველოს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს. თუმცა, მინისტრთან შეხვედრა ვერ მოხერხდა, რადგან საომარი მოქმედებების გამო თბილისის აეროპორტში ფრენები გაუქმებული იყო. ვოლკერი იხსენებს როგორ ცდილობდა, რომ ნატოს სახელით საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაკეთებინა, თუმცა კოლეგებისგან საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. „ჩემს ნატოელ კოლეგებს შევთავაზე, რომ გამოგვექვეყნებინა ნატოს განცხადება იმაზე, რომ ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომ ჯარები უნდა დაბრუნებულიყვნენ იმ პოზიციებზე, რომელიც ჰქონდათ 2008 წლის 6 აგვისტომდე და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტასა და პრეზიდენტ სარკოზის მოლაპარაკებებში. არცერთ ჩემს ევროპელ კოლეგას არ სურდა, რომ ამ მარტივ განცხადებაზე დამთანხმდებოდა. ამბობდნენ, რომ ამის დრო არ იყო, რომ ლიდერები დასასვენებლად იყვნენ წასულები, რომ ეს ყველაფერი რთული იყო. ვერ ვთანხმდებოდით ტექსტზე და ა.შ. ჩემთვის გადამწყვეტი იყო ერთ-ერთი მათგანის სიტყვა, როდესაც თქვა, რომ იცოდნენ რუსული ტანკები თბილისისკენ მიდიოდნენ, მაგრამ ნატოს არ სურდა „საკითხის მილიტარიზება.“ მაშინ გადაწყვიტე, რომ თუ დასვლეთ ევროპასთან ვერაფერს გავაწყობდით, მე როგორც ამერიკის წარმომადგენელს უნდა მელაპარაკა და ეს იყო მნიშვნელოვანი. ამიტომ ყველა ტელევიზიის საშუალებით, იქნებოდა ეს საფრანგეთის, ბრიტანეთის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტელევიზია დასავლეთში, მე ვუხსნიდი მათ რა ხდებოდა საქართველოში. იგივე გავაკეთე მოგვიანებით საქართველოში, როდესაც ომის შემდეგ თბილისში ჩავედი.“

ყოფილი ელჩი ნატოში და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ კარგად ახსოვს, რუსეთი დიდხანს ემზადებოდა ამ თავდასხმისთვის და რომ სრულიად ნათელია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. მისი აზრით, ამ ნარატივის შემობრუნება და საქართველოზე გადაბრალება რუსეთს ოკუპაციის გასამართლებლად სჭიდება. „ეს გაამართლებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთის ტერიტორიაზე არ არიან ქართველი ჯარისკაცები. პირიქით, რუსი სამხედრო ძალები არიან ტერიტორიაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს, როგორც საქართველოს ნაწილს, გარდა თავად რუსეთისა. ამიტომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ამ ნარატივის გავრცელება და ამიტომაცაა ეს ისევ განხილვის საკითხი. ვფიქრობ, ძალიან მნიშნელოვანია, რომ არ გავჩუმდეთ და არ დავტოვოთ ეს შეხედულება პასუხის გარეშე,“ ამბობს ვოლკერი.

სხვა დიპლომატების მსგავსად, მოულოდნელი არ ყოფილა საქართველოში ომის დაწყება ამერიკის კიდევ ერთი ელჩის უილიამ კორტნისთვის. მეტიც, ის მოსალოდნელ საფრთხეებზე ხმამაღლა საუბრობდა. „2008 წლის ომი არ იყო სიურპრიზი. ივნისში მე და ელჩმა იალოვიცმა სტატია გამოვაქვეყნეთ, სადაც ვამტკიცებდით, რომ რუსეთს, შესაძლოა, ომი დაეწყო საქართველოში. ომის დაწყებისთანავე ამერიკამ გააჟღერა თავისი მკაცრი პოზიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ. თუმცა, რეაგირების სიძლიერე ცოტა შესუსტებული იყო იმ შეხედულების გამო, რომელიც დასავლეთში არსებობდა, რომ საქართველომ შეცდომა დაუშვა სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვით. დროთა განმავლობაში, ამერიკა დარწმუნდა, ქართული ლიდერობისა და დემოკრატიის ხარისხში. ახლა ამერიკა ქართველ ჯარისკაცებს წვრთნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და აწვდის მათ ჯაველინებს.“

კორტნის თქმით საქართველომ მეტი უნდა გააკეთოს თავდაცვის გაძლიერების მხრივ, ამისთვის ერთ-ერთ გზად კი ანაკლიის პორტის პროექტის დასრულებას მიიჩნევს. „როგორც კი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი დასრულდება, საქართველოს შეეძლება მეტად გაამყაროს თავისი უსაფრთხოება იმით, რომ ნება დართოს რუსულ და აფხაზურ გემებს, რომ გამოიყენონ ეს ადგილი ტვირთის გადასაზიდად. ამას ასევე შეუძლია დაეხმაროს ტვირთბრუნვის გაზრდას, რაც თავის მხრივ დაფარავს პორტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ხარჯებს.“

ამერიკელი დიპლომატები ამბობენ, რომ ამერიკა და დასავლეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის განვითარებისა და დასავლეთისკენ სავალ გზაზე.