რესპუბლიკელები დემოკრატების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებენ

ბარაკ ობამა დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე ხუთშაბათს სიტყვით გამოვა
დემოკრატები შეერთებულ შტატებში პარტიულ ყრილობას ატარებენ და რესპუბლიკელების კრიტიკას პასუხობენ, რომლებიც მათ საგარეო პოლიტიკას უწუნებენ.

რესპუბლიკელები დემოკრატებს სირიაში მიმდინარე სისხლისღვრასთან დაკავშირებით პასიურობაში ადანაშაულებენ. რაც შეეხება ავღანეთსა და ერაყში შექმნილ ვითარებას დემოკრატები ამტკიცებენ, რომ რესპუბლიკელებს ამ კონფლიქტების დასრულება არ სურთ და უფრო მეტიც, სირიასა და ირანში ახალი ომების დაწყებას აპირებენ.

პრეზიდენტმა ობამამ 2010 წელს რუსეთთან „სტარტის“ ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რასაც მისი რესპუბლიკელი მეტოქე მიტ რომნი პოლიტიკურ შეცდომად თვლის. რესპუბლიკელთა ლიდერი ამტკიცებს, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკა აირჩია, რაც ამერიკის უშიშროებას საფრთხეს უქმნის.

ამ თვალსაზრისს არ ეთანხმება შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, დემოკრატი მადლენ ოლბრაიტი.მისი თქმით:

„ვისაც რუსეთი ნომერ პირველი პოლიტიკური პრობლემა ჰგონია, ის წარსულში ცხოვრობს. მართალია ამ ქვეყანასთან რთულია ურთიერთობა, მაგრამ 21-ე საუკუნეში ვინც რუსეთს მთავარ მეტოქედ განიხილავს, მას საერთაშორისო პოლიტიკაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.“

ჰერიტიჯის ფონდის ანალიტიკოსი, ბრაიან დარლინგი განსხვავებულ პოზიციაზე დგას, მისი თქმით:

„მიტ რომნის საგარეო პოლიტიკა სულაც არ არის მოძველებული. ის რეიგანის პოლიტიკურ პრიორიტეტებს გვაგონებს, რომელიც მშვიდობის მიღწევას ძალის მეშვეობით ცდილობდა. ჯორჯ ბუში უმცროსის საგარეო პოლიტიკაც მსოფლიოს პრობლემების გადაწყვეტისას მკაცრი ხელის პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებდა.“

მადლენ ოლბრაიტის განცხადებით დემოკრატები რესპუბლიკელებისგან განსხვავებით ძალის ნაცვლად დიპლომატიური მეთოდებით არჩევენ მიზნის მიღწევას. მისი თქმით:

„ძალზე მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების აზრის გათვალისწინება და მათთან თანამშრომლობა, ეს ამერიკის ძალაზე მეტყველებს.“

თავის მხრივ, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რესპუბლიკელი კონდოლიზა რაისი ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს, რომელიც მისი აზრით გაურკვევლობით ხასიათდება.

საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით, ბარაკ ობამა დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე ხუთშაბათს გამოვა სიტყვით. საგარეო პოლიტიკა შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.