ავღანეთის ომი დემოკრატებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს

შეერთებული შტატების ავღანეთსა და პაკისტანში საგანგებო წარგზავნილი რიჩარდ ჰოლბრუკი წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენებზე

წარმომადგენელთა პალატის ეგიდით გამართულ მოსმენებზე დემოკრატი კონგრესმენები მწვავე კითხვებს უსვამდნენ ავღანეთსა და პაკისტანში საგანგებო წარგზავნილს რიჩარდ ჰოლბრუკს

სამშაბათს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ავღანეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფას ითვალისწინებს. კონგრესში ხსენებული კანონის განხილვამ გამოააშკარავა, რომ დემოკრატიული პარტიის წევრებს შორის პრეზიდენტ ობამას ავღანეთის ომის პოლიტიკის მხარდაჭერა სულ უფრო მცირდება. ოთხშაბათს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში გამართულ მოსმენებზე ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილმა რიჩარდ ჰოლბრუკმა ავღანეთში შეერთებული შტატების სამოქალაქო ოპერაციები დაიცვა.

საგანგებო წარგზავნილის რიჩარდ ჰოლბრუკის გამოსვლაში ობამას ადმინისტრაციის ოფიციალური პირების შეშფოთება აისახა ორგანიზაცია „ვიკილიკსის“ მიერ ავღანეთში საომარი მოქმედებების აღმბეჭდავი ათასობით გასაიდუმლოებული სამხედრო დოკუმენტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ჰოლბრუკმა დაგმო ხსენებული მასალების გამოქვეყნება.

„ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია ის, რომ ის პირები, ვისაც შეერთებული შტატების საჯარო სამსახურის ფიცი აქვთ დადებული, ამ ფიცს ასე უხეშად არღვევენ,“ განაცხადა ჰოლბრუკმა.

მან აღნიშნა, რომ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ახალი არაფერია. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ფინანსთა კომიტეტში გამართულ მოსმენებზე დემოკრატმა კონგრესმენმა ნიუ ჯერსის შტატიდან სტივენ როთმანმა ჰოლბრუკს დაუსვა კითხვა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა პაკისტანი ერთდროულად ავღანეთში თალიბ მეამბოხეებსა და იქ დისლოცირებულ კოალიციურ ძალებსაც დახმარებას უჩენს.

„შეგიძლიათ თუ არა რაიმე კომენტარის გაკეთება პაკისტანის ორმაგ თამაშთან დაკავშირებით?“ ჰკითხა ჰოლბრუკს კონგრესმენმა როთმანმა.

ჰოლბრუკმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ობამამ გასულ წელს გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების ურთიერთობა პაკისტანთან უნდა შეცვლილიყო.

„მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადავდგით, თუმცა ეს საკმარისი როდია. საქმიანობა ამ მიმართულებით გრძელდება,“ უპასუხა კონგრესმენს ჰოლბრუკმა.

მოსმენების დროს სკეპტკიურად განწყობილი ამერიკელი კანონმდებლები ჰოლბრუკსა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს რაჯივ შაჰს საკმაოდ მწვავე კითხვებს უსვამდნენ. მათ განსაკუთრებით აინტერესებდათ ავღანეთის მთავრობაში გამეფებული კორუფცია და ის თუ რამდენად ეფექტურად იხარჯება ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა სახსრები ავღანეთში. ჰოლბრუკმა კანონმდებლებს ავღანეთში შეერთებული შტატების მიზნების შესახებ შეახსენა.

„მე არ მინდა ტყუილად დავხარჯო თქვენი დრო და გავიხსენო 2001 წლის 11 სექტემბრის ამბები, მაგრამ სწორედ იმ დღეს მომხდარის გამო ჩვენ ახლა იქ ვიმყოფებით. იმ საბედისწერო დღეს ტერორისტული თავდასხმები რომ არ მომხდარიყო ჩვენ არ ავირჩევდით მსოფლიოს ყველაზე შორეულ და რთულ რეგიონში საომარი მოქმედებების წარმართვას,“ აღნიშნა ჰოლბრუკმა.

კონგრესმენი ვირჯინიის შტატიდან ჯეიმს მორანი იმ დემოკრატთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თავდაპირველად მხარდაჭერას უცხადებდნენ ავღანეთში საომარი მოქმედებების წარმართვას, მაგრამ ახლა წარმომადგენელთა პალატაში ამ ომისთვის საგანგებო დაფინანსების გამოყოფის კანონმდებლობის წინააღმდეგ გამოდიან.

„მე თქვენს მიერ წარმოდგენილ ფაქტებს არ ვუარყოფ. არ ვეთანხმები თქვენს დასკვნებს. რაც შეეხება ავღანეთში ჩვენი მისიის ეფექტურობას მე ბევრი ეჭვი გამიჩნდა და მე ჩემი პოზიცია შესაბამისად დავაფიქსირე როცა კანონს მხარი არ დავუჭირე,“ დასძინა კონგრესმენმა მორანმა.

წარმომადგენელთა პალატაში საგანგებო დაფინანსების გამოყოფას მხარი დაუჭირა 308 კონგრესმენმა. ხოლო ამ ზომის წინააღმდეგ 114 ხმა დაფიქსირდა. აქედან 102 დემოკრატი და მხოლოდ 12 რესპუბლიკელი.