ქაბულში საერთაშორისო კონფერენციამ მუშაობა დაასრულა. 60-ზე მეტი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების უმაღლესმა წარმომადგენლებმა ჰამიდ კარზაის სტრატეგიას მხარი დაუჭირეს. ეს გეგმა კი ავღანეთში არსებულ ვითარებაზე ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებლობის თანდათანობით გადაბარებას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ამ გეგმის განხორციელებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძლიერი მანდატი მიიღო. გარდა ამისა, კონფერენციაზე შეკრებილმა დელეგატებმა მხარი დაუჭირეს კარზაის მოწოდებას, რომ ავღანეთისთვის საერთაშორისო დახმარების სულ ცოტა 50 პროცენტი ხელისუფლების გავლით უნდა განხორციელდეს. 2001 წლიდან დღემდე საერთაშორისო დონორებმა ავღანეთისთვის 40 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გამოყვეს. ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა ჰაზრათ ომარ ზახაილვალმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობა პასუხისმგებლობის ასაღებად მზადაა.
„მისი თქმით, ავღანეთის მთავრობამ კარგად იცის ხალხის პრიორიტეტები, ასევე თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანში ბალანსის მიღწევა. ამასთანავე, ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობამ უნდა გააკონტროლოს საგარეო დახმარება და ავღანელების განვითარებას თავად შეწყოს ხელი.“
საპირისპირო მოსაზრებას ანვითარებს ავღანეთის პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი ჰარუნ მირი. ის ფიქრობს, რომ მთავრობა თავის შესაძლებლობებს ზედმეტად აფასებს. მისი თქმით, ავღანეთის მთავრობამ ქვეყნის 2 მილიარდიანი ბიუჯეტის სწორად განკარგვაც კი ვერ მოახერხა.
„მე არ ვიცი, თუ ერთ ღამეში როგორ შეუძლიათ შესაძლებლობის ისე გაზრდა, რომ მოახერხონ ამ რაოდენობის ფულის მოვლა. მე ვფიქრობ ფული არ არის პრობლემა. პრობლემაა ავღანეთის მთავრობის შესაძლებლობები და კორუფცია, რომელიც იქ არსებობს,“ - განაცხადა ჰარუნ მირმა.
თუმცა, მისივე თქმით, კარზაის ეძლევა საშუალება, რათა საკუთარ ხალხსაც და მსოფლიოსაც დაუმტკიცოს, რომ კორუფცია აღარ წარმოადგენს ბიზნესს.
საერთაშორისო დონორებმა ქაბულის კონფერენციაზე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაც მიიღეს. კერძოდ, 2014 წლისთვის ყველა სამხედრო ოპერაციაზე ავღანეთი აიღებს პასუხისმგებლობას.
ნატოს გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ ეს რეალისტური მიზანია. როგორც ანდერს ფოგ რასმუსენმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განაცხადა, ალიანსი 300 ათასი ავღანელი ჯარისკაცის გაწვრთნას გეგმავს და ეს პროცესი მომავალი წლის ოქტომბერში დასრულდება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები შეძლებენ თანდათანობით პასუხისმგებლობის აღებას, როდესაც ამისთვის პირობები მომწიფდება და რა საკვირველია ეს პროცესი უნდა იყოს პირობებზე დამყარებული. ჩვენ ავღანეთს მანამდე არ დავტოვებთ, ვიდრე ჩვენ სამუშაოს არ დავასრულებთ,“ - განაცხადა ფოგ რასმუსენმა.
ამ მოსაზრებების გარდა, ქაბულის რიგითი მოქალაქეები მათ ქალაქში საერთაშორისო კონფერენციის გამართვას კმაყოფილებით ხვდებიან. ბოლო საერთაშორისო თავყრილობა ავღანეთში 1970 წელს გაიმართა.
ავღანელი აბდულ ჯაბარი ამბობს, რომ ეს კონფერენცია ავღანეთისთვის დიდი წარმატებაა. ჰამიდ კარზაის ყოფილი მეტოქე საპრეზიდენტო არჩევნებში, აბდულა აბდულა დარწმუნებულია, რომ წელს გამართული დიიდ შეხვედრები ავღანეთის თემაზე საკმარისი არ არის, რათა ხალხმა რაღაც შედეგი იგრძნოს და იმედი გაუჩნდეს.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, თუკი კარზაის მთავრობა ამ გზაზე წაფორხილდება, საერთაშორისო კოალიციას ერთადერთი არჩევანი დარჩება, რაც ომის დასასრულებალდ ამბოხებულბთან გარიგების დადებაში იქნება გამოხატული.