საპრეზიდენტო დებატებზე მთავარი თემა საგარეო პოლიტიკა იყო

სამშაბათს, აიოვის შტატის საპრეზიდენტო დებატებზე ექვსი დემოკრატი პრეტენდენტი იყო წარმოდგენილი. სცენაზე იყვნენ: შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ქალაქ საუთ-ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტეჯეჯი, სენატორები - ემი კლობუჩარი, ბერნი სანდერსი და ელიზაბეტ უორენი, ასევე - ბიზნესმენი ტომ სტაიერი.

წლის პირველ დებატებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან 3 თებერვალს აიოვის შტატში პირველი კოკუსია დაგეგმილი, რომელზეც ფარული კენჭისყით, აიოველი ამომრჩევლები დემოკრატ კანდიდატებს შორის საუკეთესოს დაასახელებენ. კოკუსი წინასაარჩევნო კამპანიის ტონს განსაზღვრავს, რის შემდეგაც, გამარჯვებული კანდიდატი ხშირად მეტ მხარდაჭერას იღებს ნიუ-ჰემფშირს და სამხრეთ კაროლინის ადრეულ პრაიმერებზე.

14 იანვრის დებატებზე დემოკრატ კანდიდატებს შორის დაპირისპირება მთელ რიგ საკითხებზე მოხდა, მათ შორის ჯანდაცვაზე, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე. თუმცა, წამყვანი თემა მაინც საგარეო პოლიტიკა იყო. ექვსივე კანდიდატი ერთმანეთს ეჯიბრებოდა ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმდინარე პოლიტიკის გაკრიტიკებაში.

"რეგიონში პოზიციები დავკარგეთ. დავკარგეთ ჩვენი მოკავშირეების მხარდამჭერა. მომდევნო პრეზიდენტს უნდა შეეძლოს მათი გაერთიანება" - თქვა ჯო ბაიდენმა. თუმცა, მას თავადაც მოუწია თავის მართლება, როცა წარსულში ერაყის ომის მხარდაჭერის გამო, ბერნი სანდერსი დაესხა თავს.

სანდერსიც წუხილს გამოხატავდა იმის გამო, რომ ირანთან კონფრონტაცია შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. "ახლა ძალიან ვშიშობ, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ისევ ცრუობს და შეიძლება ისეთ ომში ჩაგვითრიოს, რომელიც ერაყის ომზე უარესი იქნება" - თქვა მან.

მიმდინარე მოვლენებით შეშფოთება პიტ ბუტეჯეჯმაც გამოხატა, რომელიც ვეტერანია და თავადაც იბრძოდა ავღანეთში: "ჩვენ შეგვიძლია რეგიონში ჩართულობა ისე შევინარჩუნოთ, რომ არ გვქონდეს ადგილზე საჯარისო ფორმირებების ყოფნის გაუთავებელი დაპირებები. მაგრამ, ახლა ისე ხდება, რომ პრეზიდენტი იქ კიდევ უფრო მეტ ჯარისკაცს აგზავნის".

ზოგიერთი კანდიდატი ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალების შემცირების წინადადებით გამოვიდა. ელიზაბეტ უორენი ამბობს, რომ დადგა დრო, შეერთებული შტატების ჯარისკაცებმა ავღანეთი დატოვონ. "ისინი არ გვეხმარებიან რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაზრდაში" - განაცხადა უორენმა აიოვის დებატებზე.

პარალელურად, დემოკრატთა ნომინაციისთვის მებრძოლი თითოეული კანდიდატი ცდილობდა დაემტკიცებინა მაყურებლებისთვის, რომ სწორედ ის იყო ადამიანი, რომელიც ნოემბრის გადამწყვეტ არჩევნებზე რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამარცხებას შეძლებს.