ჯო ბაიდენმა ხუთშაბათ საღამოს დემოკრატიული პარტიის ნომინაცია ოფიციალურად მიიღო და პოლიტიკაში თითქმის 50 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გახდა. სიტყვით გამოსვლისას, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა 3 ნოემბრის არჩევნებში ამერიკელებს რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მმართველობის დასრულებისკენ მოუწოდა.
„გაერთიანებულები, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ შევძლებთ სიბნელის ამ სეზონის გადალახვას ამერიკაში,“ თქვა ბაიდენმა კოვიდ-19-ის პანდემიაზე და მის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებზე საუბრისას.
სიტყვით გამოსვლისას, რომელიც თითქმის ნახევარი საათი გაგრძელდა, ბაიდენმა თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი „არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას“ იმაში, რომ ახალი კორონავირუსი ამერიკაში ასეთი ტემპით გავრცელდა და რომ ის „უარს ამბობს“ დაავადების დამარცხების პროცესს უხელმძღვანელოს.
„მთელი ამ დროის განმავლობაში, ამ პრეზიდენტს გეგმა ჯერ კიდევ არ აქვს,“ თქვა ბაიდენმა პრეზიდენტ ტრამპზე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. „მან ამერიკის დაცვა ვერ შეძლო. და ჩემო თანამემამულენო, ეს უპატიებელია.“
ასევე ნახეთ: კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის ნომინაცია ოფიციალურად მიიღო
ბაიდენი სიტყვით დემოკრატიული პარტიის ვირტუალური ყრილობის მეოთხე დღეს გამოვიდა. ეგრეთწოდებული, დემოკრატიული პარტიის ეროვნული კონვენცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და ის წინასწარ ჩაწერილ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს მოიცავდა. ჯო ბაიდენი სიტყვით პირდაპირ ეთერში გამოვიდა და ხალხს დელავერის შტატის მშობლიურ ქალაქ უილმინგტონის ცენტრიდან მიმართა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რესპუბლიკელები პარტიის ოთხ-დღიან ყრილობას მომავალ ორშაბათს დაიწყებენ. რესპუბლიკელების კონვენციაც ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ხუთშაბათს პენსილვანიის ქალაქ ოლდ ფორჯში სიტყვით გამოსვლისას, სადაც პრეზიდენტი ტრამპი მხარდამჭერებს შეხვდა, მან რესპუბლიკელების მხრიდან დემოკრატიების კრიტიკა და მათზე პოლიტიკური თავდასხმები დააანონსა.